სარკინიგზო გადაზიდვები 2026 წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით, 4.1 მლნ ტონამდე გაიზარდა. გადაზიდვების 62% ტრანზიტულია, 32% საერთაშორისო და 6%-ზე ნაკლები ადგილობრივი. ზრდის მიუხედავად, ტვირთბრუნვა 2012-2013 წლების მაჩვენებელს ჩამორჩება.
საერთაშორისო გადაზიდვებიდან მილიონ ტონაზე მეტი იმპორტზე მოდიოდა, 300 ათას ტონამდე – ექსპორტზე.
საანგარიშო პერიოდში ტვირთების 35% რაფინირებულ ნავთობპროდუქტებსა და კოქსიზე მოდიოდა, 22% ქიმიკატებზე და 12% საკვებ პროდუქტებზე.
ტვირთების მსგავსად ,მესამე კვარტალში 20%-ით, 708 ათასამდე გაიზარდა მგზავრთნაკადიც.
ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებამდე,რკინიგზამ იანვარ-ოქტომბრის გაერთიანებული მონაცემები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტვირთბრუნვა 13%-ით, 12.4 მლნ ტონამდე გაიზარდა და 12 -წლიან რეკორდს მიაღწია. თუ 13%-იანი ზრდა წლის ბოლომდე შენარჩუნდა, 15 მლნ ტონას მივიღებთ, რაც 2014 წლის შემდეგ ნამდვილად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება, თუმცა, არა აბსოლუტური რეკორდი. 2012 წელს ტვირთბრუნვა 20 მლნ ტონას აჭარბებდა, 2006-2007 წლებში კი -22 მლნ ტონას.
რკინიგზის ტვირთბრუნვა
წყარო: საქართველოს რკინიგზა
2013-2018 წლების ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყაზახური ნავთობის მილსადენში გადამისამართება გახდა, რა დროსაც მისი წილი 4.4-ჯერ, 7.9-დან 1.8 მლნ ტონამდე შემცირდა.
საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა, 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, 27 მლნ ტონას შეადგენს. ყველაზე რთული მონაკვეთი რიკოთზეა. მოდერნიზაციის ფარგლებში გამტარუნარიანობის 48 მლნ ტონამდე ზრდაა დაგეგმილი, 100 მლნ ტონამდე ზრდის პერსპექტივით.
