დღეს, 18 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ 2024 წლის საპროტესტო აქციებზე მედიის წარმომადგენლების დაშავებაზე ისაუბრა, თუმცა მხოლოდ პირველმა არხის ოპერატორის შემთხვევა ახსენა.

„ოცნების“ დეპუტატს არ უხსენებია სხვა მედიების ჟურნალისტები, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ცალკე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების დაზიანებების ეპიზოდებიც. 4 დეკემბერს პირველმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ მის ოპერატორს, ბესო გაფრინდაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა პირდაპირ ეთერში და არაერთი მტკიცებულება არის ამ ძალადობების ასახვის, რომელიც წარმოდგენილი არის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მონაცემებით, 2024 წლის 28 ნოემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვის 90-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის იყო: მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება, აპარატურის განზრახ დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.

ჟურნალისტებზე სხვადასხვა ფორმის ძალადობის 200-მდე შემთხვევა 2024 წელს- TI ის ანგარიში