„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ „ბონუს ეტაპი“ ეძლევა,  რაშიც ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობის უფლება აქვთ.

კერძოდ, დღეს, 18 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა მხარეების  მიერ ერთმანეთისთვის შეკითხვების დასმის ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის მიმართ კითხვების დასმით უნდა დაიწყოს.

თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ რეალურად სხდომა „ქართული ოცნების“ მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება და სასამართლოს დისკრიმინაციული მიდგომის გამო, მათ სამართლიანი სასამართლოს პრინციპით სარგებლობის უფლება და ამ ეტაპში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევათ.

„დასკვნითი სიტყვების უფლება ორივე მხარეს აქვს, შეკითხვების უფლება ორივე მხარეს აქვს და ეს რაღაც ბონუს ეტაპი აქვს მოსარჩელე [„ოცნების“] მხარეს? ამავე ფორმატში როდის შევძლებთ ვუპასუხოთ? რაღაცას ვისმენთ, რაც უპასუხოდ რჩება და თქვენ იძახით ხვალ და ზეგ უპასუხეთო. ჩვენი კითხვების ეტაპი როდის მოვა არ ვიცით. სიცრუე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია არ უნდა დაილექოს. ჩვენც ამის ანალოგიურ ფორმატში უარყოფის საშუალება. ხომ გვაქვს ამის უფლება?“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილის პრეტენზიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „თითიდან გამოწოვილი“ უწოდს და განაცხადა, რომ ის, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, „ბონუს ეტაპი“ არაა.

„ბატონო ზაზა, ხდება ფაქტების კონსტანტანცია, წარმოდგენა“, – განაცხადა რევაზ ნადარიამ.

ამის შემდეგ მას ზაზა ბიბილაშვილმა მიმართა, დაესახელებინა, ფაქტების კონსტანტანცია რომელი საპროცესო ეტაპი იყო.

„ფაქტების კონსტანტანციას აკეთებს სამხარაულის ბიურო“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].