ღამის საათებში მანქანის ან მოტოციკლის ხმაურზე კანონი შერბილდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, დასაშვები ხმაურის ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. აქამდე 80 დეციბელზე მეტი ხმაური უკვე დარღვევა იყო, ახლა კი 100 დეციბელამდე ხმაური დაშვებულია. ანუ, შედარებით უფრო ხმამაღალ ძრავას ან მაყუჩს აღარ დააჯარიმებენ, თუ 100 დეციბელს არ გადააჭარბა.
ეს წესი მხოლოდ ღამით, 23:00-დან დილის 08:00 საათამდე, დასახლებულ ადგილებში (ქალაქში, დაბაში, სოფელში) მოქმედებს.
ვინ და როგორ გაზომავს დეციბელებს? პოლიცია საეჭვოდ ხმაურიან ტრანსპორტს გააჩერებს და სპეციალური ხმის საზომი ხელსაწყოთი ადგილზე გაზომავს ხმაურის დონეს.
კანონმდებლობით დადგენილი 100-დეციბელიანი ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლების მიმართ როგორც ფულადი ჯარიმა, ისე მართვის მოწმობის ქულების შემცირება მოქმედებს: პირველ ჯერზე 100-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობაზე 10 ქულის დაკლება; განმეორებით შემთხვევაში — 200-ლარიანი ჯარიმა და 20 ქულის დაკლება; მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე — 300-ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.
