შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.
დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს ფულადი ჯარიმა ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებული ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ზანდუკელია.
