ელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში, სანამ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია მის განაჩენს გამოაცხადებს ე.წ. „ქოლ-ცენტრების საქმეზე“:

„თქვენო ღირსებავ,

ვიცი, რომ ჩემი განაჩენი უკვე დაწერილია, მაგრამ ჩემს პოზიციას მოკლედ მოგახსენებთ, ისტორიისთვის, ოქმისთვის და მომავლისთვის.

ერთ პროცესზე კითხვა დამისვით – რატომ უფრო მოკლე გზა არ აირჩიეს – ქოლცენტრების მონოპოლია რატომ არ დაგაბრალესო.

მას მერე მეც ვფიქრობ ამ კითხვაზე – რატომ?

ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვის აქცენტებმა ამ კითხვაზე პასუხი ჩამომიყალიბა.

ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე!

ეს იყო სპეცოპერაცია ჟურნალისტ ელისო კილაძის პერსონალური განადგურებისთვის, მისი რეპუტაციული სიკვდილისათვის, „ქრონიკა +“-ის დასახურად!

პროკურორმა ბრძანა — ელისო კილაძე რიგითი ჟურნალისტი არ იყო, აქ ბრალდებულ ჟურნალისტებს არ ჰგავსო, დიდი აუდიტორია ჰყავს და ცნობადი სახეაო.

მიმოწერის და ზარების აკრძალვის დაყენებისასაც ასე წერეს — მისი ცნობადობის და კავშირების გათვალისწინებით, შეეცდება საზოგადოება დაარწმუნოს მის სიმართლეშიო.

ესაა თქვენს კითხვაზე პასუხიც.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ჩემს რეპუტაციას, პრინციპებს, სამართლიანობისთვის ბრძოლას შევალიე. ამ საქმით სწორედ ამ მონაპოვარს ანადგურებენ.

„თავს წარმოაჩენდა როგორც ქოლცენტრებთან მებრძოლი ჟურნალისტი, მზადაა ფულის სანაცვლოდ ნებისმიერი ადამიანი გააშავოს, ჯიბლაძის დაკვეთით ჩავიდა ბათუმში, ქოლცენტრის საინფორმაციო მხარდამჭერი იყო ფულის სანაცვლოდ“, — ასეთ ფრაზებს ბლომად შეხვდით ოქროს მოწმეების გამოკითხვის ოქმებში.

მამუკა მდინარაძის სცენარი.

დახურეს პროცესი, იმიტომ რომ საზოგადოებას ვერ გაეგო ჩემი სიმართლე, მიუხედავად ასეთი იზოლაციისა, ხალხმა არ დაიჯერა რომ ქოლცენტრების მხარდამჭერი ვიყავი და ფულს ვიღებდი, არ დაიჯერა რომ ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ვარ (ფარცხალაძეს საერთოდ არ ვიცნობ), რომ ფულს მიხდიდნენ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის და ჟურნალისტური გამოძიებებისთვის.

რთული გზა გავიარე. არ იყო მარტივი ცხრა თვე სამარტოო საკანში, მენატრებოდა შვილის ხმის გაგონება, ჩემი შვილიშვილების ყველა წარმატება გამოვტოვე, მაგრამ სიმართლე მაძლიერებდა. მაძლიერებდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც კვირიდან კვირამდე ადვოკატის მეშვეობით აღწევდა ჩემთან. მაძლიერებდა ჩემი კოლეგების, რედაქტორების, ჟურნალისტების პროტესტი და პეტიცია, რომელიც გენერალური პროკურატურის მხრიდან უპასუხოდ დარჩა, მაძლიერებდა ჩემთვის უცნობი მძღოლის თანადგომა, რომელმაც საკუთარ ავტომობილს დააწერა, „თავისუფლება ელისო კილაძესო“ და მომიწოდა, არ დანებდეო.

არ დავნებდი, გადავრჩი, გავძლიერდი და ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ, დღეიდან ან თავისუფლებაზე, ან ციხის საკნიდან.

თქვენო ღირსებავ, ეს დადგმული სცენარი არ ეხება ჩემი საქმიანობის შესწავლას, ქოლცენტრებთან ჩემს კავშირს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია.

თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური.

დასასრულს, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ტიტანური შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ამ სპეციფიკური საქმის სიმართლე ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანათ, მადლობა ჩემს გუნდს, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობენ. თქვენ მოუსმინეთ აქ რამდენიმე მათგანს, ამ გულწრფელი ემოციების და თავისუფლებისთვის გადახდილი მადლობის უკან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის ბევრი დღე და საათი დგას.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, ძმას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, მოკითხვა ჩემს ლიზას და ჩემს ჩემპიონ ნიკას, რომელმაც ჯერ არ იცის, ბებო სად გაქრა.

მადლობა ჩემს მეგობრებს!

მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების — ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს.

ციხე სულ სხვა გამოცდილებაა. ბევრი ღირსეული ოფიცერი და თანამშრომელი შემხვდა ამ სისტემაში. ბევრი სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა მივიღე მათგან. ბევრი ემოციური მოგონება დამიგროვდა და როცა საშუალება მექნება, მოვყვები.

პერსონალური მადლობა ნესტან ვერულაშვილს [ციხის დირექტორს].

მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი ბ-ნო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული, და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს.

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე.

ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!

სიმართლე სინათლეა – ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!

ელისო კილაძე, ქალთა ციხე, მე-11 საკანი.“

ვრცლად განაჩენსა და საქმეზე:

ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს