„ხელოვნურ ინტელექტს დიაგნოზის დასმა შეუძლია?“, „სიმპტომები ChatGPT-ს რომ მივწერო, ექიმთან მისვლა აღარ მომიწევს?“ – თანამედროვე სამყაროში პაციენტებს ეს კითხვები აქვთ. რაც ბუნებრივიცაა, რადგან ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში მნიშვნელოვანი დოზით შეიჭრა. 

აუცილებელია, ვიცოდეთ, კონკრეტულად, რაში გვეხმარება AI და რა შემთხვევაშია საჭირო ექიმთან დაკავშირება.

„თოდუას კლინიკამ“ სწორედ ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ციფრული ასისტენტი შექმნა. Todua AI პაციენტს ზუსტად იმ სპეციალისტის შერჩევაში ეხმარება, ვისთან ვიზიტიც კონკრეტულ მომენტშია რეკომენდებული. 

უფრო მეტი სიცხადისთვის, განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ამ ტექნოლოგიის გამოყენებამდე შეიძლება გაგიჩნდეთ.

Todua AI დიაგნოზს დამისვამს?

არა. Todua AI-ის დანიშნულება დიაგნოზის დასმა არ არის. ის პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მიმართულებისა და სპეციალისტის შერჩევაში ეხმარება.

მაგალითად, თუ ადამიანს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან სხვა ჩივილი აწუხებს, შეუძლია ეს ინფორმაცია ასისტენტს საკუთარი სიტყვებით მიწეროს. სამედიცინო ტერმინების ცოდნა საჭირო არ არის. სისტემა მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და შესაბამისი პროფილის ექიმს სთავაზობს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჩატბოტის რეკომენდაცია ექიმის შეფასებას არ ცვლის. დიაგნოზის დასმა და მკურნალობის განსაზღვრა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმის კომპეტენციაა.

თუ ადამიანს მწვავე სიმპტომები აქვს, ხელოვნური ინტელექტის პასუხებს არ უნდა დაეყრდნოს და დაუყოვნებლივ 112-ში უნდა დარეკოს. 

ChatGPT-ის მსგავს პასუხს გამცემს Todua AI? 

ერთი შეხედვით, ორივე სისტემა მსგავსად მუშაობს: მომხმარებელი კითხვას წერს, ხელოვნური ინტელექტი კი პასუხს უბრუნებს. თუმცა, მათი დანიშნულება და შესაძლებლობები განსხვავდება.

ChatGPT ზოგადი დანიშნულების AI ასისტენტია. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვების დასმაც შეგვიძლია, თუმცა ის კონკრეტული კლინიკის ექიმების სამუშაო განრიგთან ან მომსახურების ფასებთან ავტომატურად დაკავშირებული არ არის.

Todua AI კი „თოდუას კლინიკის“ სერვისებზეა მორგებული. ის პაციენტის ჩივილების მიხედვით ხელმძღვანელობს და მას შესაბამის სპეციალისტს სთავაზობს. ამასთან, მომხმარებელს ექიმის თავისუფალი დროის ნახვა და ვიზიტის დაჯავშნა შეუძლია.

კიდევ ერთი პრაქტიკული შესაძლებლობა მომსახურების ღირებულების წინასწარ გაგებაა. Todua AI მომხმარებელს კონკრეტული სერვისის ზუსტ ფასს აწვდის.

„თოდუას კლინიკის“ აპლიკაცია ექიმთან ვიზიტის დაგეგმვას ბევრად გაგიმარტივებთ. 

პაციენტის სამედიცინო მონაცემებს ვინ ნახავს?

პირადი სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამიტომ, ნებისმიერი ციფრული სამედიცინო სერვისის გამოყენებისას მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მუშავდება მონაცემები, ვის აქვს მათზე წვდომა და რა პირობებით ინახება ინფორმაცია.

Todua AI „თოდუას კლინიკის“ ციფრული ეკოსისტემის ნაწილია. აპლიკაციაში პაციენტს შეუძლია ნახოს კვლევების პასუხები, სამედიცინო დოკუმენტები და ექიმის დანიშნულებები. სისტემაში წინა წლების კვლევების შედეგებიც ინახება.

პირადი ინფორმაციის დამუშავებისა და მასზე წვდომის კონკრეტული პირობები კლინიკის კონფიდენციალურობის პოლიტიკით განისაზღვრება. მომხმარებელი აპლიკაციის გამოყენებამდე უნდა გაეცნოს ამ პირობებს. შედეგად, მას ეცოდინება, როგორ არის დაცული მისი მონაცემები და ვის შეიძლება ჰქონდეს მათზე წვდომა.

როგორ გამოვიყენოთ Todua AI?

ასისტენტით სარგებლობა შესაძლებელია „თოდუას კლინიკის“ მობილური აპლიკაციიდან და ვებგვერდიდან. მისი გამოყენება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია:

  • აღწერეთ თქვენი ჩივილები ჩვეულებრივი სასაუბრო ენით;
  • გაეცანით სისტემის მიერ შეთავაზებულ სამედიცინო მიმართულებასა და სპეციალისტს;
  • ნახეთ ექიმის გრაფიკი;
  • შეარჩიეთ სასურველი თარიღი და დრო;
  • მიიღეთ ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ და დაგეგმეთ ვიზიტი.

Todua AI-ის მთავარი დანიშნულება პაციენტისთვის საჭირო სპეციალისტის შერჩევისა და ექიმთან ვიზიტის დაგეგმვაში დახმარებაა. ის ექიმის კონსულტაციას ვერ ჩაანაცვლებს და დიაგნოზს არ სვამს.

Todua AI-ის შექმნით „თოდუას კლინიკამ“ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პაციენტების ყოველდღიურ საჭიროებებს მოარგო. ტექნოლოგია კლინიკის სერვისებთან დააკავშირა და მომხმარებლებს ვიზიტის დაჯავშნა გაუადვილა.