წყალტუბოს სანატორიუმები ისევ ვერ გაიყიდა. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოტანილი თითოეული ლოტი სტატუსით “არ შედგა” იძებნება. წარუმატებელი აუქციონი 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა.
2019 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა წყალტუბოში არსებულ 22 სანატორიუმ/სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვის შესახებ. „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს”,- აღნიშნა მაშინ ექსპრემიერმა. ნათია თურნავამ, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, სანატორიუმების ბიძინა ივანიშვილისთვის 1 ლარად გადაცემის შესაძლებლობა გამორიცხა.
დაპირებიდან 7 წლის შემდეგ, 2026 წლის ოქტომბერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯერ პანდემიამ და შემდეგ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულმა დე ფაქტო სანქციებმა პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა.

ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ აუქციონზე ₾6.5 მლნ-დ იყო გამოტანილი, „ინტურისტი“- ₾4.2 მლნ-დ, „მედეა“- ₾8.5 მლნ-დ, „სავანე“- ₾3.5 მლნ-დ, „ფილიალი“ (ყოფილი ბალნეოლოგიური) -₾4 მლნ-დ, „აია“ – ₾3.7 მლნ-დ. აუქციონზე ასევე გამოტანილი იყო ყოფილი სანატორიუმები: „გელათი,“ „იმერეთი“ და „მეგობრობა.
