დევნილთა განსახლების საქმეები ადვოკატის, ლიანა ბენიძის პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მისი თქმით, სასამართლოში დავა ხშირად ერთადერთი გზაა იმ დევნილებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსგან ბინის მიღებაზე უარს იღებენ. სასამართლო პროცესი კი შესაძლოა წელიწად-ნახევრიდან ორ წლამდე გაგრძელდეს.
დევნილთა საბინაო საკითხებზე მუშაობის დროს რა პრობლემებს აწყდებით ყველაზე ხშირად?
ჩემი 25-წლიანი სტაჟის განმავლობაში, ბოლო წლებია თითქმის მხოლოდ დევნილების საქმეებზე ვმუშაობ. ჩემი სამუშაოს დაახლოებით 90% კი კონკრეტულად დევნილთა განსახლების პრობლემებს უკავშირდება.
ქვეყანაში მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს იმდენი ბინის რესურსი, რამდენიც განაცხადია. მილიონობით დოლარის მობილიზებაა საჭირო, რომ აშენდეს საკმარისი საცხოვრებელი, სადაც ყველა დევნილს განასახლებენ.
კი, ვბრაზობთ დევნილთა სააგენტოზე, მაგრამ რეალურად არ არსებობს რესურსი. როცა ქალაქში 4-5 ათასი განაცხადია და ბინა 1500-ზე ცოტა მეტი, როგორ უნდა განაწილდეს?
ბინის გარეშე მხოლოდ დაბალქულიანი ადამიანები არ რჩებიან?
არა. ხშირად მაღალქულიანებიც რჩებიან მიღმა – 11-12-ქულიანებიც კი. თბილისში ქულები 3.5-მდე დაიწია და ამის მიუხედავად, არასაკმარისი ბინების გამო, მაღალქულიანებიც ვერ იღებენ ბინებს.
მე თავად დევნილი ვარ და არც მე მეკუთვნის ამ ქულებით ბინა.
ძირითადი დაბრკოლება არის კომისია. შეიძლება მაღალი ქულა მქონდეს და კომისიამ გადაწყვიტოს, რომ ბინა არ მეკუთვნის.
როგორ მუშაობს ეს პროცესი? რა ხდება მას შემდეგ, რაც დევნილი ქულას იღებს?
თავიდან ადამიანი იღებს ქულას, შემდეგ მოდის მონიტორინგი და წერს დასკვნას. ამის შემდეგ უკვე კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ანუ, რაც არ უნდა გაგიხარდეს, რომ დიდი ქულა გაქვს, კომისიამ შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.
კრიტერიუმი უამრავია – ქირა, საცხოვრებელი პირობები, მარტოხელა დედა, შშმ პირი, ონკოლოგია, მარტოხელა პენსიონერი, ოჯახში არასრულწლოვნების არსებობა და ა.შ. შემოსავალს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, უძრავი ქონება არ გქონდეს.
და როდესაც კომისია დევნილს არ აკმაყოფილებს, იწყება სასამართლო დავა?
დიახ. ადამიანები მოდიან ადვოკატებთან, მათ შორის ჩემთან. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლა გვიწევს.
ზოგადად, დევნილთა განსახლების საქმეზე მთელი პროცესი წელიწად-ნახევრიდან ორ წლამდე გრძელდება. ინსტანციიდან ინსტანციაში გადასასვლელად ნახევარი წელი მაინც არის საჭირო.
ამიტომ პირველ ინსტანციაში მოგებული საქმე არ ნიშნავს, რომ დევნილი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდება ბინით, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დევნილთა სააგენტო ყველა წაგებულ საქმეს ასაჩივრებს და იძულებული ვართ, პროცესს ბოლომდე მივყვეთ.
თქვენ თქვით, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენი ორი დევნილი კლიენტი გარდაიცვალა
დიახ, ბოლო წლებში, ინსტანციიდან ინსტანციამდე, ჩემი ორი დევნილი კლიენტი გარდაიცვალა.
რთული გასააზრებელი იყო ჩემთვის ეს ორივე შემთხვევა, წარმოიდგენეთ, ადამიანები ელოდებიან ბინას და ვერ ასწრებენ. ჩემი კლიენტები 86 და 26 წლის იყვნენ. ერთი მათგანის შემთხვევაში სააპელაციოს ეტაპზე ვიყავით, მეორის შემთხვევაში – უზენაესში. რა თქმა უნდა, საქმეები შეწყდა და დასრულდა მათი ისტორიებიც.
შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
იყო შშმ ქალბატონი აფხაზეთიდან, რომელიც ქვეწარმავლებით სავსე ვაგონში ცხოვრობდა. მონიტორინგის ჯგუფს მისვლის დროს ქალი იქ არ დახვდათ. როგორც შემდეგ თქვა, შვილების საფლავზე იყო წასული. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დევნილთა სამინისტრომაც კი ვერ დაიჯერა, რომ იქ ადამიანი ცხოვრობდა და ვერ იჯერდებდნენ რომ სხვა საცხოვრებელი არ ჰქონია მას. ბოლოს შვილების საფლავიც გადაამოწმა, ნამდვილად არსებობდა თუ არა ასეთი.
მისი მცირეწლოვანი შვილები 90-იან წლებში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალნენ, თავად კი შშმ პირი გახდა იმ ავარიის შემდეგ.
შემდეგ უკვე მე ვუწევდი ადვოკატირებას და ყველა ინსტანცია მოვიგეთ. საბოლოოდ მას ოროთახიანი ბინა მისცეს.
თუ დევნილი სამივე ინსტანციას მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ ის ავტომატურად მიიღებს ბინას?
სამივე ინსტანციის მოგების შემდეგ იძლევიან ადმინისტრაციულ დაპირებას. ეს ნიშნავს, რომ ისინი უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდნენ. ახლა, როცა ბინები გამოჩნდა, ადმინისტრაციული დაპირების მქონე ადამიანები ყოველგვარი მონიტორინგისა და ქულების გარეშე შევიდნენ. ელოდები ბინების რესურსს და როგორც კი სახელმწიფოს ექნება ამის რესურსი იმ ქალაქში, მიიღებ.
ან ალტერნატივაა, შენ უნდა იშოვო ბინა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასში, სახელმწიფო კი გადაიხდის. რა თქმა უნდა, ისეთი ფასებია დადგენილი, ამ ფასებში ვერავინ ვერაფერს იყიდის და ამიტომ მაინც ლოდინი რჩება გამოსავლად, რომ სახელმწიფომ დაგაკმაყოფილოს საცხოვრებლით.
ბევრი დევნილი ამბობს, რომ ამდენი წელი ვერ მოიცდის. თუმცა, 2018 წელს ვინც დამიჯერა და იბრძოლა, ყველა უკვე ცხოვრობს საკუთარ ბინაში.
რამდენი საქმე გაქვთ ამჟამად და რამდენად ხშირად არის სასამართლოში წასვლა რეალურად გამოსავალი?
ამჟამად დაახლოებით 30 საქმე მაქვს მიმდინარე. როგორც კი სია დაიდება ქალაქებში მიმღებთა ბინებზე, დღეში დაახლოებით ასამდე ზარი შემომდის.
სასამართლოში ღირს წასვლა, როცა მომგებიან პოზიციაში ხარ. არასოდეს ვიღებ განწირულ საქმეს. ამაყად ვიტყვი, რომ დაახლოებით 100 საქმიდან ორი საქმე მაქვს წაგებული. თუ საქმე ავიღე, ვიცი, რომ 99%-ით მომგებიანია.
ჩემს ჰონორარს ვერ გავაჟღერებ, მაგრამ დევნილების მიმართ თანაგრძნობის გამო [მეც დევნილი ვარ], სხვა ადვოკატებთან შედარებით მესამედს ვიღებ. რატომღაც სახელმწიფო ადვოკატებთან დევნილები არ მიდიან, რადგან არ არსებობს ნდობა.
თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს, რომ დევნილთა განსახლების პრობლემა ამ მასშტაბით აღარ არსებობდეს?
სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ამასწინათ დავითვალეთ და ასეთი ტემპით 100 წელი დაგვჭირდება ყველა დევნილის ბინით დასაკმაყოფილებლად. ახლა, სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროგრამა როცა დასრულდება, არავინ იცის, შემდეგი როდის იქნება.
ჩემი აზრი ასეთია – უნდა დაჯდეს რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ საკითხში ერკვევა, აგრეთვე მოიწვიონ რამდენიმე დევნილი და პოლიტიკა შეიცვალოს. სხვა შემთხვევაში იმავე წრეზე ვიტრიალებთ. დევნილთა სააგენტოზე რომ გავბრაზდეთ, აზრი არ აქვს, ამ უწყებას არავინ არაფერს ეკითხება, ეს ყველაფერი მთავრობის დონეზე წყდება.
დევნილთა განსახლების გარდა, კიდევ რა პრობლემებით მოგმართავენ?
მოქალაქეობის საკითხიც პრობლემურია. საუბარია აფხაზეთიდან დევნილებზე, რომლებიც აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთში ან სხვა ქვეყნებში გადავიდნენ საცხოვრებლად. გამოცდის ჩაბარების მიუხედავად, სახელმწიფო ამ ადამიანებს მოქალაქეობაზე უარს ეუბნება. სახელმწიფო არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები გახდნენ, რადგან ეს ნიშნავს მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას და შემდეგ უკვე მათთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ წინა ხელისუფლების დროს ბევრ დევნილს კანონით გათვალისწინებულზე ბევრად ნაკლები ფართობის საცხოვრებელი აქვს მიღებული. სამწუხაროდ, ამას ვერაფერს ვუხერხებთ, რადგან გაფართოების პრობლემა დევნილთა სააგენტოს არ აქვს – მით უმეტეს, პირველადი დევნილებიც ჯერ არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებლით.
