თბილისში, თემქაზე მდებარე 61-ე საბავშვო ბაღში 15 სექტემბერს დაწყებული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შესაძლოა შეჩერდეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბაღის მშობლებმა აცნობეს. მათი თქმით, უთხრეს, რომ შენობა ავარიულია.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად მშობლები ბაღის შენობასთან 2 ოქტომბერს, 10 საათზე შეიკრიბებიან.

„სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო… დღეს კი მირეკავენ, რომ ორშაბათიდან სხვადასხვა ბაღში უნდა გადავნაწილდეთ“, – გვეუბნება მშობელი, ხატია გამდლიშვილი.

მისი თქმით, მიზეზად შენობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა ბაღის დირექტორმა დღეს ადგილზე მისულ მშობლებს ექსპერტიზის დასკვნა ვერ აჩვენა:

„დირექტორი გვეუბნება, რომ არ აქვს. სააგენტოში ვრეკავთ და არავინ გვპასუხობს. მერიიდან სააგენტოში გვამისამართებენ. მოკლედ, პასუხს ვერავინ გვცემს. […] არ ვართ თანახმა, რომ სხვა ბაღში გადავიდეთ. რომელ ბაღს აქვს იმდენი თავისუფალი ოთახი, რომ ამდენი ბავშვი, თავისი ჯგუფებითა და მასწავლებლებით, გადავიდეს და სხვა ბაღს შეუერთდეს?! ეს ყველაფერი ხომ აბსურდია“, – ამბობს მშობელი „ნეტგაზეთთან“. 

როგორც ხატია გვეუბნება, ბაღის ტერიტორიაზე ორი ერთმანეთთან დაკავშირებული შენობაა, მშობლები ითხოვენ, ბავშვები მათგან ერთში განაწილდნენ, რომელსაც ამჟამად საწყობად იყენებენ:

“ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ დასკვნა გვაჩვენონ. შემდეგ ვითხოვთ, თუნდაც ჩვენი ხარჯებით, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს, რათა გავიგოთ, ნამდვილად ავარიულია თუ არა შენობა. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ ბაღის შენობის ნაწილი გამოვიყენოთ. ის მხარე, რომელიც სკვერს გადაჰყურებს, ამბობენ, რომ დაზიანებულია, მაგრამ მეორე მხარე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს უყურებს, სრულიად თავისუფალია და ახლა დაკეტილია (როგორც ვიცით, საწყობადაა ქცეული). შეგვიყვანონ იქ! თანახმა ვართ, სივიწროვეში ვიყოთ, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ სხვადასხვა ბაღში გადანაწილების“, – ამბობს მშობელი.

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა ბაღის დირექტორს, ანა თინიკაშვილს. ის ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მისი თქმით, დღეს მშობლებს უთხრა, რომ შეიძლება შენობის რეაბილიტაცია მოხდეს.

„მე არაფერი დასკვნა არ მიმიღია. მშობლები იყვნენ ჩემთან მოსული, ვუთხარი კიდეც, მაგრამ მე დასკვნა არ მაქვს მიღებული და საიდან მოიტანეს. დასკვნა ხელში არ მიჭირავს“.

დირექტორი გვეუბნება, რომ ექსპერტიზის ჩატარება თავად მოითხოვა 3 წლის წინ, რადგან შენობაზე ბზარები შენიშნა.

„ხვალ უნდა მოხდეს ამის გაჟღერება, როგორ იქნება და რა იქნება. წინასწარ არაფერი არ ვიცი, რომ გავაჟღერო. მე ექსპერტიზის პასუხს ველოდები. […] მე ვიცი, რომ საფრთხის შემცველია, მითხრეს, რომ ძალიან საშიშიაო“.

ნეტგაზეთი ესაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს. უწყებაში გვითხრეს, რომ განმარტებას ხვალ გააკეთებენ.