დღეს, პირველ ოქტომბერს, 5 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რიყის პარკში აქციას გამართავს, მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს თანახმად, პარტიის განცხადება აქციის გამართვასთან დაკავშირებით კანონის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი არ იყო.

როგორც ენმ-ში აცხადებენ, შეკრება მათი კონსტიტუციური უფლებაა და პარკში აქციის გამართვით ხელი არავის შეეშლება.

რიყის პარკში დაანონსებული აქციის მთავარი მოთხოვნა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

„ჩვენ არ გვეშინია არანაირი აკრძალვის. ჩვენი კონსტიტუციური უფლება არის შეკრება. ვერავინ ვერ აგვიკრძალავს პარკში შევიკრიბოთ და გავაპროტესტოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი“, – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბესო შენგელიამ „ტვ პირველთან“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია 1 კვირის წინ დააანონსა. რის შემდეგაც შსს-ში განაცხადეს, რომ ენმ-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის მიერ პირველ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ აქციის გამართვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი გაფრთხილება არ იყო შედგენილი კანონის მოთხოვნების შესაბამისად და არ შეიცავდა იმ ინფორმაციას, რაც კანონითაა დადგენილი.