რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში სავარაუდოდ აივნიდან მოშარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის საფუძველზეა დაკავებული.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მას ედავებიან 171-ე და 166-ე პრიმა მუხლების დარღვევას. პირველი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს, ხოლო მეორე – წვრილმან ხულიგნობას.
მაქსიმალური სასჯელი შეიძლება იყოს: 3000 ლარამდე ჯარიმა ან 20 დღემდე პატიმრობა, ასვე ქვეყნიდან გაძევებაც.
ამ ამბის შესახებ ინფორმაცია მოქალაქე თეონა გოლოძემ გაავრცელა სოციალური ქსელების მეშვეობით. გოლოძის ცნობით, როდესაც ფაქტი მოხდა ისინი ამ აივნის ქვემოთ განთავსებულ კაფეში ისხდნენ და პირს პასუხი მოსთხოვეს, რატომ მოიქცა ასე, მან კი უპასუხა: “სლავა რასიი” (დიდება რუსეთს). გოლოძის თქმით, მათ პატრული გამოიძახეს, რუსეთის მოქალაქემ კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ აბაზანა დაკავებული იყო და აივნით ამიტომ “ისარგებლა”.
