გენერალური პროკურატურის შენობასთან შვილმკვდარმა მამამ, ცნობილმა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა მეუღლესთან ერთად მჯდომარე აქცია დაიწყო. ოჯახი მათი შვილის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
ადვოკატმა ჩარკვიანმა შიმშილობაც გამოაცხადა.
ვახტანგ ჩარკვიანი დაახლოებით 5 წლის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსზე მკურნალობისას.
ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, გარდაცვლილის მშობლები უკვე მეხუთე წელია უშედეგოდ ელიან საგამოძიებო უწყებისგან პასუხს მთავარ კითხვაზე, დაშვებული იყო თუ არა პაციენტისთვის იმ რაოდენობის პრეპარატების მიცემა და რა მიზეზობრივი კავშირი არსებობს აღნიშნული წამლების გაკეთებასა და დამდგარ ფატალურ შედეგს შორის.
ხატიაშვილის თქმით, პროკურატურა დუმს, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ, საჯარო პროტესტისთვის მიემართათ. გარდაცვლილის მშობლები სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ არ დაშლიან აქციას, სანამ პროკურატურა მათ კითხვებს არ უპასუხებს და არ გამოავლენს იმ პირებს, ვინც უშუალოდ მიიღო პაციენტისთვის ამ დოზით მედიკამენტების მიცემის გადაწყვეტილება.
გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო უწყება საქმეზე ეფექტურ გამოძიებას არ ჩაატარებს, მათი პროტესტი და მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალური გახდება.
გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ის 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
აღნიშნულ აქციას გამოეხმაურა პროკურატურაც. უწყების განცხადებით, მათ ვახტანგის საქმეზე 3 პირის მიმართ დაიწყეს გამოძიება.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე- საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის – გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე, დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.
გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით. ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი – ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით. ასევე, არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი. აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი”, – აცხადებენ პროკურატურაში.
