ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გარი მულდაროვმა დაადასტურა, რომ მას და მის ორ თანამოაზრეს, პოლიტიკოსებს- ჯამბოლატ მედოევსა და დავით სანაკოევს რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება მისცეს.

“ქართული ოცნების” სასარგებლოდ? – რატომ დასაჯა მოსკოვმა ცხინვალელი დეპუტატები

მისი თქმით, სამივე გამოიძახეს და აცნობეს, რომ ამიერიდან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტებით შეუძლიათ.

„დაგვიბარეს და შეგვატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამხრეთოსური პასპორტებით შესვლა შეგვიძლია“, – თქვა მულდაროვმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუბარი არ არის რუსეთის მოქალაქეობის აღდგენაზე.

მულდაროვს, მედოევსა და სანაკოევს რუსეთის მოქალაქეობა 2024 წელს შეუწყდათ. მანამდე, 2024 წლის თებერვლის ბოლოს, მათ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისგან მიიღეს შეტყობინებები, რომელთა მიხედვითაც მათი ქმედებები რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა.

სამივე პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტში მუშაობდა და მხარს უჭერდა საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის საკითხის გადახედვას. მულდაროვი შესაბამისი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი იყო. საკითხი უკავშირდებოდა 1922 წლის დადგენილების საფუძველზე საზღვრის განსაზღვრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრები საბჭოთა პერიოდის მოგვიანებით გამოყენებულ რუკებთან შედარებით დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრით განსხვავებულად განიხილებოდა.

2024 წლის მარტში რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს მიერ გაცემულ დოკუმენტში მულდაროვს, მედოევსა და სანაკოევს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე ეკრძალებოდათ. მათ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ საქმის განხილვაზე უარი თქვა.

რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ რუსეთის მხარის პრეტენზიები უკავშირდებოდა სამივე დეპუტატის მიერ საქართველოსთან საზღვრის შესახებ ინიციატივას.