რუსეთს სომხეთის მხარისგან ამ დრომდე არანაირი მიმართვა არ მიუღია გიუმრიში განთავსებული სამხედრო ბაზიდან რუსული კონტინგენტის გაყვანასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა „იზვესტიასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი კვლავ მიიჩნევს, რომ გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„სომხეთის მხარისგან არ მიგვიღია მიმართვა გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის გაყვანასთან დაკავშირებით. კვლავ ვთვლით, რომ ის სომხეთისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა გალუზინმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ამას სომეხი ხალხი მოისურვებს, რუსეთი მზად არის, გიუმრიში სამხედრო ბაზაზე ყოფნა შეინარჩუნოს და თანამშრომლობა გააგრძელოს.

ამასთან, პუტინის თქმით, თუ ერევანი რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნის აუცილებლობას ვერ დაინახავს, ის „თუნდაც ხვალ“ შეძლებს ქვეყნიდან გასვლას.

ფაშინიანის თქმით, სომხეთში რუსული ბაზის საჭიროებას ვეღარ ხედავს