უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ნორვეგიაში ჩაფრინდა, სადაც 9 სექტემბერს მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ შეხვდება ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს და მასთან განიხილავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზებს.
„დღეს მე ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას. მთავარი საკითხია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და დახმარება სხვა სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ზამთრის გადასალახად. ბუნებრივია, მე და იონასი ასევე შევხვდებით კომპანიებს, რომლებიც ამუშავებენ FREYJA-ს ანტიბალისტიკურ სისტემას. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას“, – დაწერა ზელენსკიმ.
საზენიტო-სარაკეტო სისტემა FREYJA-ს შემუშავებას სათავეში უდგას უკრაინული კომპანია FirePoint, მასში მონაწილეობენ ევროპული ქვეყნების ცხრა ფირმის წარმომადგენლები. როგორც BBC წერს, ინიციატორების განცხადებით, პროექტის მიზანია შექმნას Patriot-ის PAC-3 ტიპის ამერიკული რაკეტების შედარებით იაფი ალტერნატივა.
