მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი დისტანციურად მონაწილეობდა კიევში გამართულ პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტში.

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, თამარ ბაგრატიონმა განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ სახელმწიფოს მდგრადობის საფუძველი ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაა.

„ჩვენი ეროვნული იდენტობა შვიდ მარადიულ საყრდენს ეფუძნება – ღმერთს, სამშობლოს, ადამიანს, ენას, მამულს, სარწმუნოებასა და ოჯახს. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის პროცესში ჩამოყალიბებული ეს პრინციპები ღრმად არის გამჯდარი ჩვენს გენეტიკურ კოდში“, – განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.

ადმინისტრაციის ცნობით, თამარ ბაგრატიონმა ოჯახის სიმტკიცე საქართველოს ისტორიული უწყვეტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტად დაასახელა და აღნიშნა, რომ სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული სწორედ ოჯახიდან იწყება.

„თამარ ბაგრატიონმა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი მიულოცა და მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა უსურვა.
საქართველოს პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.