„უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან არჩევნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის პირობებში არჩევნების ჩატარება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
„ვფიქრობ, რომ ასეთი ომის პირობებში არჩევნები, ზოგადად, დიდი რისკია. არჩევნები ახლა ცუნამია, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ ჩემი სტრატეგიაა, ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანოთ და შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. მე ამ სტრატეგიას ვასრულებ“, -აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, ერთი წლის წინ სხვადასხვა ქვეყნები მას არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგებდნენ, მისი პოზიცია კი ამასთან დაკავშირებით მკაფიო იყო:
„ თუ პარტნიორები შემოგვთავაზებენ კონკრეტულ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში უკრაინაში არჩევნების უსაფრთხოდ, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად ჩატარება იქნება შესაძლებელი, სამხედროების მონაწილეობით, ფრონტისპირა ტერიტორიებზე, საზღვარგარეთ, სადაც ომის გამო მილიონობით ჩვენი მოქალაქე წავიდა, უსაფრთხოდ , ნუ დარტყმებისა და დაბომბვების გარეშე, მაშინ მოდით, ეს საკითხი განვიხილოთ“, -აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, მაშინ არცერთ დასავლელ პარტნიორს კონკრეტული პირობები არ შეუთავაზებია და ეს შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.
