რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს რუსოფობიის შესახებ და „ანტირუსული გამოვლინებების“ გამოძიებას ითხოვს.
ზახაროვას თქმით, 2023 წლიდან რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი ერთნახევარჯერ, 1,6 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა და კვლავ იზრდება.
„დღეს რესპუბლიკაში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა. ამასთანავე, ბოლო დროს საქართველოში ადგილი ჰქონდა ცალკეულ სერიოზულ ინციდენტებს რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს. ცნობად მივიღეთ თქვენ მიერ ნახსენები საქართველოს ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა განცხადებები. ჩვენ იმ მოსაზრებიდან ამოვდივართ, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს, რათა რუსოფობია არ დაუშვას და საქართველოში მყოფი რუსეთის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება სრულად უზრუნველყოს. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიცემული“, — განაცხადა ზახაროვამ.
2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ პროპაგანდისტულ სტილში გაააქტიურა კამპანია საქართველოში „რუსოფობიის“ შესახებ და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც აპროტესტებენ, „რუსოფობებად“ მოიხსენიებს.
ამ თემაზე: https://netgazeti.ge/news/813307/
