თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში  „დიდი სატრანზიტო აფერა“, რომელიც ამერიკის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას აღწერს, მასში საქართველოცა მოხსენიებული.

დოკუმენტი დეტალურად განიხილავს გლობალურ სქემას, რომლის მეშვეობითაც ხდება ამერიკული ტარიფებისთვის თავის არიდება მესამე ქვეყნების გამოყენებით.

ქართული საზოგადოებისთვის ამ ანგარიშში განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს როლი — ქვეყანა ოფიციალურად მოხვდა იმ 40-ზე მეტ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ქმნიან ე.წ. „ჩრდილოვან სატრნზიტო ქსელს“ 

რა ხდება?

2018 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფები დააწესა. ანუ პირდაპირ ჩინეთიდან ამერიკაში პროდუქციის შეტანა რეკორდულად გაძვირდა. ამან ანგარიშის თანახმად, განაპირობა ის, რომ ჩინელმა ექსპორტიორებმა დაიწყეს საქონლის ალტერნატიული გზებით, დაბალტარიფიანი ქვეყნების გავლით შეტანა ამერიკის ბაზარზე. ანგარიშის მიხედვით, ამ სქემაში ჩართულ იურისდიქციებში მიმდინარეობს ჩინური საქონლის მცირე გადამუშავება, ხელახალი შეფუთვა, ეტიკეტირება, ან დოკუმენტაციის შეცვლა, რათა შეიქმნას ილუზია, თითქოს პროდუქტს სხვა წარმოშობის ქვეყანა აქვს და არ არის ჩინური.

ანგარიშის მიხედვით, ეს პრაქტიკა, რომელიც თავდაპირველად მცირე მასშტაბის საბაჟო დარღვევა იყო, დღეს უკვე გლობალურ ბიზნეს მოდელად იქცა და აშშ-ს ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი დოლარი უჯდება .

საქართველო ანგარიშში

 თეთრი სახლის ანგარიში ასეთი ტრანზიტების რისკის მქონე 40-მდე ქვეყანას სამ კატეგორიად ყოფს. საქართველო მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფში (Tier 3) დასახელდა, რომელსაც ანგარიში უწოდებს „მცირე, ოპორტუნისტულ ჩინურ სამიზნეებს“ . ამ სიაში მოცემულია აშშ-ს მთავარი პარტნიორი ქვეყნებიც, მათ შორის სამხრეთ კორეა, ისრაელი, ევროკავშირის ქვეყნები და სხვა.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოსა და აზერბაიჯანის კონკრეტული ლოგისტიკური ფუნქცია ამ ჩრდილოვან ქსელში:

  • ისინი უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების ტრანზიტს.
  • ახდენენ ტვირთების კონსოლიდაციას.
  • უზრუნველყოფენ სახმელეთო და საზღვაო მარშრუტების კავშირებს.

ანგარიშის მიხედვით, მესამე ჯგუფის ქვეყნებს (სადაც საქართველოცაა) აქვთ სპეციფიკური „სუსტი რგოლის“ უპირატესობები, რომლებიც იზიდავს ჩინელ ექსპორტიორებს. ასეთ უპირატესობებს შორისაა: თავისუფალი სავაჭრო ზონების რბილი წესები, სტრატეგიულ პორტებზე წვდომა, საბაჟო საწყობები და შეზღუდული საბაჟო კონტროლის შესაძლებლობები. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებზე არ მოდის ტრანზიტის ყველაზე დიდი აბსოლუტური მოცულობები, მათზე დამოკიდებულება და სპეციფიკური ლოგისტიკური პლატფორმები მათ ჩრდილოვანი ქსელის მნიშვნელოვან კვანძებად აქცევს .

“ეკონომიკური ზიანი” და ამერიკის პასუხი

ანგარიშის თანახმად, ტრანზიტის ეს გლობალური სქემა უდიდეს ზიანს აყენებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. წელიწადში 75 მილიარდი დოლარის მოცულობის არალეგალური ტრანზიტის ცენტრალური სცენარის პირობებში, ანგარიში ვარაუდობს დაახლოებით 450,000 სამუშაო ადგილის დაკარგვას. როდესაც საქონელი არალეგალურად გადის მესამე ქვეყნების გავლით, ეს პირდაპირ ურტყამს ამერიკულ საწარმოებს და იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას აშშ-ის არაერთ ინდუსტრიულ ქალაქში.

ამის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა 2026 წელს ხელი მოაწერა ღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აძლიერებს საბაჟო კონტროლს, იმპორტიორთა პასუხისმგებლობასა და სავაჭრო გამჭვირვალობას . პარალელურად, შეერთებული შტატები ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ „დეტექტიურ საზღვარს“. ეს უახლესი სისტემა სწრაფად გააანალიზებს გლობალურ სავაჭრო მონაცემებს, რათა აღმოაჩინოს საეჭვო მარშრუტები და მკაცრი რეაგირება მოახდინოს ტარიფებისგან თავის არიდების მცდელობებზე.

რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?

თეთრი სახლის ეს ვრცელი დოკუმენტი სიგნალია, რომ ვაშინგტონი მაქსიმალური სიმკაცრით აკვირდება გლობალურ ლოგისტიკურ მარშრუტებს. საქართველოს, როგორც „ჩრდილოვანი სატრანსპორტო ქსელის“ მესამე ჯგუფის წევრად ოფიციალურად დასახელება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ტრანზიტული ინფრასტრუქტურა სამომავლოდ მონიტორინგის ქვეშ შეიძლება მოექცეს.

ამ ანგარიშს დღეს, 18 აგვისტოს გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მან ამერიკული მხარისაგან ფაქტები მოითხოვა.

“ფაქტები გვინდა. არის ფაქტი [ანგარიშში]?”, – იკითხა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა რამე ფაქტებზე დაუფუძნებლად. კობახიძის თანახმად, ეს შეიძლება თეთრ სახლსაც დაემართოს თუ ვიღაც არასწორ ინფორმაციას მიაწვდის.

კობახიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე აკეთებს ყველაფერს, რათა აქ არავითარი სქემა არ არსებობდეს, ხოლო თუ კონკრეტულ ფაქტებსაც მიაწვდიან, რეაგირებაც ექნებათ.