აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ რუსი მედიის ექსპერტების – ივან კნიაზევის, ალექსეი ჩადაევისა და სემიონ ურალოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალად ედებათ კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ საჯარო მოწოდებები, ტერორიზმისკენ მოწოდება და ეროვნული შუღლის გაღვივება. სამივე პირი ძებნილად გამოცხადდა და მათ დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ.

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, საქმე უკავშირდება ურალოვის YouTube-არხზე 14 ივლისსა და 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ გადაცემებს. ივლისის გადაცემაში მონაწილეები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საკითხს განიხილავდნენ, აგვისტოს გადაცემაში კი, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო ადამიანების ფიზიკური განადგურების მუქარით შეკავებასა და მათ მიზანმიმართულ ლიკვიდაციაზე.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით – ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდების, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებისა და ეროვნული შუღლისა და მტრობის გაღვივების ფაქტებზე. ვინაიდან სამივე ბრალდებული აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ იმყოფება, ისინი ძებნილად გამოცხადდნენ და სასამართლომ მათ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

აზერბაიჯანის პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებს მიმართა ბრალდებულების ადგილსამყოფლის დასადგენად, დასაკავებლად და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადასაცემად. უწყება მათი ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებასაც გეგმავს.

გუშნვე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ბახტიარ გასანოვი რუსეთიდან აზერბაიჯანში დეპორტაციით გააძევეს. მან მანამდე დეპორტაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება სცადა, თუმცა სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.