პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ ირაკლი კობახიძეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით სადეპუტატო შეკითხვით მიმართა.

წერილში აღნიშნულია, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ თანხმობას.

კერესელიძეს კობახიძისგან შემდეგი ინფორმაციის მიღება სურს:

  • ა) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხმობის ასლი;
  • ბ) ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელეს;
  • გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული თანხმობა გაიცა;
  • დ) მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და საქონლის საბოლოო დანიშნულება;
  • ე) რა მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა აღნიშნული საქონელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • ვ) არსებობს თუ არა რაიმე სახის მომართვა/თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ამ მომართვის ასლი.

კანონის მიხედვით, თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა  კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით.


აფხაზეთში საწვავის კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში საწვავის შეტანა ირაკლი კობახიძემ 12 აგვისტოს დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი საქართველოს სახელმწიფოს არ შეუტანია და ეს ბიზნესმა გააკეთა.

მოგვიანებით „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელების ნებართვა ირაკლი კობახიძის 11 აგვისტოს დათარიღებული განკარგულებით გაუგრძელდა.

კომპანიის მფლობელი, გიორგი არველაძე ამბობს, რომ საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ამბობს, რომ საწვავის შეტანისთვის ხელი არ შეუშლიათ. და რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილეებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.