ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვახტანგ იობაშვილის თქმით, ბიზნესგაერთიანების წევრი კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას უარყოფენ.
„არანაირი ინფრმაცია მაგათ არ აქვთ. 3 000 ტონას თქვენ მეხუმრებით? ერთი ტანკერის რაოდენობაა. მდინარეზე გადატანილს ეგ არ ჰგავს. ეს უნდა გადასულიყო ოფიციალურად, ძალიან დიდი მანქანებით. უარყოფს ყველა და არც ველოდი სხვა პასუხებს“, — განაცხადა იობაშვილმა „ტვ პირველთან“.
ის ფიქრობს, რომ ნავთობი აფხაზეთში ზღვით შეიტანეს.
ბოლო დღეებში აფხაზეთში საწვავის დეფიციტის ფონზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონში საწვავის დანარჩენი საქართველოდან შეტანის შესახებ.
„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ, დაადასტურა რა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა.
„ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც, თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა დაწერა, რომ „ეს იყო 3 ათასი ტონა, ანუ რამდენიმე სატვირთო მანქანა“.
„უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო, ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს. რუსეთის მხრიდან წლიურად საწვავის მოხმარება 200 მილიონ ტონას აღემატება, ხოლო აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა. რუსეთის მოხმარების 0.001%. ხომ სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ ეს რამდენიმე ცისტერნა განკუთვნილი იყო რუსეთის მოსამარაგებლად?“ — განაცხადა იონათამიშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თქვა, რომ აფხაზეთის საწვავის ბაზრის მონაწილებმა „შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან საწვავის შემოტანის შესაძლებლობის მოძებნა“.
„არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანისთვის ხელის შეშლა არ მოხდა. ასე ხდებოდა სხვა კრიზისული სიტუაციების დროსაც. ომის შემდგომ, 1990-იან წლებში, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოში საწვავის მიწოდებაც ხორციელდებოდა. აფხაზეთის ხელისუფლება ხელს არ შეუშლის რესპუბლიკაში სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას და მზად არის, ამ პროცესში საწვავის ბაზრის მონაწილეებს დახმარება გაუწიოს“, – განუცხადეს „აპსნიპრესს“ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში.
