ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კიბერ-თავდასხმებს „სტუდია მონიტორზე“ და მას სოლიდარობას უცხადებს. დღეს „მონიტორის“ Facebook გვერდი წაიშალა. „მონიტორი“ გეგმავდა დღეს გამოექვეყნებინა გამოძიება თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ შესახებ, რომლის ანონსიც მანამდე გაავრცელა.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 3 აგვისტოს, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, კიბერ-თავდასხმის გამო საქმიანობაში ხელი შეეშალა „სტუდია მონიტორს“. 25 ივლისს მსგავსი საბაბით გაითიშა „სტუდია მონიტორის“ YouTube-არხი. მოგვიანებით არხი აღდგა.

ქარტია აღნიშნავს, რომ უფრო ადრე, 1 ივლისს, Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე YouTube-ზე, „სტუდია მონიტორის“ რამდენიმე მასალა წაშალა, რომლებიც არალიცენზირებულ ონლაინ კაზინოების ქსელთან ქართული სამშენებლო კომპანიების შესაძლო კავშირებს აღწერდა. მოგვიანებით ეს მასალები თავის ადგილზე დაბრუნდა.

„ქარტია Meta-ს მოუწოდებს, სწრაფად აწარმოოს გამოძიება და აღადგინოს „სტუდია მონიტორის“ წაშლილი გვერდი.

ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედებენ კიბერ-დამნაშავეები და დიდი რესურსები იხარჯება ტროლ-ბოტების ქარხნებზე, რომლებიც რეგულარულად ესხმიან თავს „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორგანიზაციებს, ექსპერტებს და აქტივისტებს, მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს. ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს „სტუდია მონიტორს“ და მის გაბედულ ჟურნალისტებს, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით აშუქებენ ყველაზე კომპლექსურ საკითხებს – შიფრავენ კორუფციულ სქემებს, რომელთა მეშვეობით ძალაუფლების მქონე ჯგუფები ძარცვავენ ქვეყნის ბიუჯეტს და მოქალაქეებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კრიმინალში და ძირს უთხრიან დემოკრატიულ წყობასა და ინსტიტუტებს“, – წერია განცხადებაში.


დღეს, 3 აგვისტოს Facebook-ზე აღარ იძებნება საგამოძიებო მედია „მონიტორის“ გვერდი. ჟურნალისტ მარი დუდუნიას მიერ გამოქვეყნებულ „სქრინზე“ ჩანს, რომ „მეტა“ მათ ედავება „საავტორო უფლებების დარღვევას“.
მარი დუდუნია „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ გამორიცხავენ „ქოფირაითინგის“ წესების დარღვევას. „მონიტორი“ მომხდარს მათ საქმიანობას უკავშირებს:
„აშკარაა ჩვენთვის, არც კი გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის ორგანიზებული შეტევა და, ვფიქრობთ, ჩვენი გაჩუმების მცდელობა, თუმცა ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები. რა თქმა უნდა, ამ შეტევას ჩვენ წინააღმდეგ ვუკავშირებთ ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებებს“, – გვეუბნება დუდუნია.