საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უახლესი მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ტენდენცია კლებისკენ შეიცვალა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო როგორც შემომსვლელთა რაოდენობამ, ისე ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, თუმცა გაიზარდა ვიზიტორთა კმაყოფილების დონე და ქვეყანაში გატარებული ღამეების რაოდენობა.

ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია.

სტუმრების 81.5% მხოლოდ ტურისტი იყო ანუ პირი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოში, 14.8% — მხოლოდ ექსკურსანტი, ხოლო 3.8% — ორივე ერთად.

საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. რეიტინგში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა 328.9 ათასი ვიზიტორით (ჯამური რაოდენობის 25.1%), მას მოსდევს თურქეთი (16.9%) და სომხეთი (10.8%).

საქართველოში ყველაზე ხშირად 31-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები მოგზაურობენ (45.6%). ვიზიტორთა 57.1%-ს კაცები, ხოლო 42.9%-ს ქალები შეადგენენ.

ვიზიტების თითქმის ნახევარი (49.6%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ვიზიტორთა 25.6% ქვეყანას მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად ეწვია, ხოლო 12% — ტრანზიტული მიზნებისთვის.

ყველაზე პოპულარულ მიმართულებებად დედაქალაქი და შავი ზღვის სანაპირო რჩება. ვიზიტების უდიდესი ნაწილი თბილისსა (36.9%) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (26.2%) დაფიქსირდა.

ტურისტების რაოდენობის კლებამ პირდაპირი ასახვა პოვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის მეორე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეული ჯამური ხარჯი 3.0 მილიარდი ლარი იყო, რაც 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.3%-ით ნაკლებია. ასევე, 9.2%-ით შემცირდა ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯიც და 1,922.1 ლარი შეადგინა. სტუმრები ფულს ყველაზე მეტად საკვებსა და სასმელში (27.3%), საყიდლებსა (25.2%) და განთავსებაში (24.3%) ხარჯავენ.

მიუხედავად ფინანსური და რაოდენობრივი კლებისა, საქსტატის თანახმად, საქართველოში მოგზაურობით უცხოელთა აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია. ამ მიზნით გამოკითხულთა 54.4% ვიზიტს აფასებს როგორც „ძალიან კმაყოფილი“, ხოლო 38.7% — „კმაყოფილი“ (ჯამში 93.1%).

გარდა ამისა, ქვეყანაში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 5.30-დან 5.48 ღამემდე გაიზარდა. ვიზიტების 81.8% კი განმეორებითი ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრები, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ საქართველოში, უკან ბრუნდებიან.