დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება „იძულებითი ხასიათის“ იყო და იგი „უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის პირობებში“ იქნა მიღებული.

უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ნაურუმ 2009 წლის 15 დეკემბერს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ორ მხარეს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, ჩამოყალიბდა კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი და საფუძველი ჩაეყარა სახელშეკრულებო-სამართლებრივ თანამშრომლობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ეტაპად იქცა ნაურუსა და აფხაზეთის ხელმძღვანელობის ურთიერთვიზიტები, რის შედეგადაც გაგრძელდა ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.

დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, აფხაზეთსა და ნაურუს შორის თანამშრომლობის განვითარებას მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმხრივი ინიციატივების პრაქტიკულ ეტაპზე გადასვლის შემდეგ ნაურუს წინააღმდეგ დაიწყო „აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია“, რომელიც, მათი თქმით, მოიცავდა „პოლიტიკურ შანტაჟს, დიპლომატიურ ზეწოლას, ფინანსურ-ეკონომიკურ რეპრესიებსა და სანქციებს“, რათა ნაურუს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება გადაეხედა.

განცხადებაში მაგალითად მოყვანილია ნაურუს ყოფილი პრეზიდენტის, ბარონ ვაკას, აფხაზეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები, სადაც, დე ფაქტო უწყების მტკიცებით, მან ღიად ისაუბრა აფხაზეთის აღიარების შემდეგ ნაურუზე განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლასა და ქვეყნისთვის პირდაპირი ფინანსური ზემოქმედებით გადაწყვეტილების შეცვლის მცდელობებზე.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ნაურუს წინა ხელისუფლება ოფიციალური კონტაქტების დროს არაერთხელ ადასტურებდა სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად განსაზღვრის პრინციპების ერთგულებას.

უწყების შეფასებით, ნაურუს გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ „ხანგრძლივი სისტემატური პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის პირდაპირი შედეგია“, რომლის მიზანიც აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების შეზღუდვა და სუვერენული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა იყო.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოები წლების განმავლობაში საგარეო ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, განსაკუთრებით კი მცირე სახელმწიფოები, რომლებსაც შეზღუდული რესურსები აქვთ პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის წინააღმდეგ.

დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და მათ საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. მათივე განცხადებით, ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ზეწოლის, მუქარის, ეკონომიკური იძულებისა და ხელოვნური იზოლაციის პოლიტიკა არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლას ვერ უზრუნველყოფს.

განცხადების ბოლოს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აფხაზეთი კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო სუბიექტურობის გაძლიერების, ეროვნული ინტერესების დაცვისა და იმ სახელმწიფოებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კურსს, რომლებიც, მათი თქმით, იზიარებენ სუვერენული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

ნაურუმ, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, ოკუპირებულ სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნაურუ, რომლის მოსახლეობაც, დაახლოებით, 10 ათასი კაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რომლის შესაბამისად ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას. ამის გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ნაურუს რესპუბლიკა კი, რომელსაც დახმარებას უწევდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, დოლანდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აქტის შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას ვეღარ იღებდა.