დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ განიხილეს უკრაინისთვის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის საკითხი.

კიევი უკვე ფლობს რამდენიმე ასეთ სისტემას, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების ეფექტიანად ჩამოგდება შეუძლია, თუმცა მათთვის განკუთვნილი ჩამჭრელი რაკეტების მწვავე დეფიციტს განიცდის.

„კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის დასაახლოებლად. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპს მივუსამძიმრე ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.
პრეზიდენტმა და მე განვიხილეთ „პატრიოტის“ სისტემებისთვის ჩამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რაც დაგვეხმარება. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე – მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ პროცესს ახალი იმპულსი მიეცეს. ჩვენი გუნდები შეათანხმებენ შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს. მადლიერი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების მისი მტკიცე მხარდაჭერისთვის“.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
ზელენსკი ასევე შეხვდა შეიარაღების მსხვილი მწარმოებლის – კომპანია Lockheed Martin-ის წარმომადგენლებს და დაწერა, რომ ერთობლივი წარმოების ორგანიზებისა და ტექნოლოგიების გაზიარების შესაძლებლობა განიხილა. ეს კომპანია აწარმოებს ATACMS-ებს, HIMARS-ებს, F-16-ებსა და რაკეტებს „პატრიოტის“ სისტემებისთვის.