თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
თინათინ რუხაძის განცხადებას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
რუხაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.
მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.
ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!“, – აცხადებს თინათინ რუხაძე.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტს 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.