23-24 ივლისის ღამეს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ სანქტ-პეტერბურგს, ლენინგრადის ოლქსა და ტვერს, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა Wildberries-ის საწყობებს.

Wildberries რუსეთის უდიდესი ონლაინ-რითელერია, ამერიკული Amazon-ის მსგავსი.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ ათობით დრონი ჩამოაგდეს.

ამასობაში, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები ოლქის მასშტაბით დრონებით დარტყმების შესახებ.

„ქალაქისა და ოლქის მცხოვრებლებს აფეთქებების ხმა ესმოდათ. სანქტ-პეტერბურგის თავზე კვამლი ჩანს“, — იტყობინებოდა ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ-არხი. ტელეგრამ-არხებმა ასევე გაავრცელეს ვიდეოები, რომლებშიც სანქტ-პეტერბურგის თავზე აფეთქებები და კვამლი ჩანს.

ცეცხლი გაუჩნდა Wildberries-ის სულ მცირე ერთ საწყობს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით თავდასხმის სამიზნე გახდა Wildberries-ის ორი საწყობი სანქტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში.

პულკოვოს აეროპორტის ცნობით, 24 ივლისის დილას დაახლოებით 50 რეისი გადაიდო, ხოლო 15 საჰაერო ხომალდი სათადარიგო აეროპორტებიდან გაფრენას ელოდებოდა.

დროზდენკომ ასევე დაადასტურა ცნობები სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ნოვოსარატოვკაში მდებარე Wildberries-ის საწყობზე დრონით თავდასხმის შესახებ და დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.