ვერაზე 4 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული კაცის დედა, დოდო ოდიშარია, აცხადებს, რომ იარაღი, რომლითაც მისმა შვილმა ადამიანები დაჭრა, გაფორმებული ჰქონდა.
როგორც ბრალდებულის დედა „ტვ პირველთან“ ამბობს, წარსულში შვილს დედასთან კონფლიქტის გამო ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ქალის თქმით, პოლიციამ მისი მიმართვის საფუძველზე მის შვილს იარაღებიც ჩამოართვა, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან დაუბრუნა.
„იარაღი გაფორმებული ჰქონდა… მე პოლიციასაც ვუთხარი, იყო ისეთი შემთხვევა ჩემს მიმართაც დაიწყო… რა გამოვიდა, ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი. წაიღეს და უკან დააბრუნეს… 4 წელია იმის მერე. სამი იარაღი ჰქონდა გაფორმებული…”, – აცხადებს დოდო ოდიშარია და დასძენს, რომ თავის დროზე მისი შვილი კლინიკაშიც იწვა თემქაზე.
“წამალი გერმანიიდან ჩამოჰქონდათ, 800 ევროს ვიხდიდი, არ დალია. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის კაცს მოკლავდა“.
ბრალდებულის დედამ მისი შვილის დაკავების ეპიზოდზეც ისაუბრა.
„იარაღით იყო სულ სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. უცებ, ორჯერ ხმა იყო უსაშველო, იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო. ისინი მოვიდნენ, სპეცრაზმელები იყვნენ. ეშინოდათ, მე ვუთხარი, ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო. ნიკა მესამე სართულზე იყო. ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“, – აცხადებს დოდო ოდიშარია.
22 ივლისს თბილისში, ვერაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ადამიანი დაჭრეს. შსს-ს განცხადებით, ოთხივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
კლინიკაში რჩება ორი ახალგაზრდა ბიჭი, ექიმის განცხადებით, ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ბრალდებული დაკავებულია და ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. შსს-მ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
