ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, Jack Daniel’s-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
