დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ახალარჩეული ლიდერი ენდი ბერნემი დღეიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.
„ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ“, — თქვა მან პრემიერ-მინისტრის რანგში თავის პირველ გამოსვლაში, ქვეყნის 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
ბერნემი პირობას დებს, რომ დაასრულებს უსახლკაროების ქუჩაში ძილს და ააშენებს მეტ მუნიციპალურ სახლს.
მისი თქმით, ხვალიდანვე შეიმუშავებს ზომებს ცხოვრების ხარჯების შემცირების მიმართულებით, რათა ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს.
დღესვე ახალი პრემიერ-მინისტრი მინისტრების დანიშვნასა და გათავისუფლებას დაიწყებს.
ენდი ბარნემი მანჩესტერის ყოფილი მერია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულ თემთა პალატის შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ენდი ბარნემი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს უჭერს მხარს და შესაძლოა, ლეიბორისტული პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანოს. თუმცა, როგორც მედია წერს, საგარეო საქმეებში, სავარაუდოდ, ძველი კურსი შენარჩუნდება.
უკრაინისა და ნატოს საკითხებში მან ფართო მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედი მთავრობის პოზიციას. იგი ასევე მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდის გეგმებს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი ხარჯები, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო სესხების გაზრდით უნდა დაფინანსდეს.
ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხში ბერნემის მთავრობა, სავარაუდოდ, გააგრძელებს სტარმერის დროს დაწყებულ დაახლოების კურსს. ბერნემი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ბრექსიტს (ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას) და გასულ სექტემბერს, ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა, რომ იმედოვნებდა, თავის სიცოცხლეშივე იხილავდა ბრიტანეთის დაბრუნებას ევროკავშირში. თუმცა რამდენიმე კვირის წინ უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ბრექსიტი დამაზიანებელი იყო, მაგრამ ასევე სჯერა, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად ამ არგუმენტების ხელახლა განხილვა სჭირდებათ. ბერნემმა აღნიშნა, რომ არ გამოდის ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების ინიციატივით და დასძინა, რომ პატივს სცემს რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
