პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა სასტუმრო „აგარანის მამულში“, ქორწილში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვა.
ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
გუშინ განყოფილებაში იმყოფებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ლაშა კაპანაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მომღერალს ჩვენების შეცვლა მოსთხოვეს:
„არ ვიცი, რის გამო, ხელახლა დაიბარეს გამოკითხვაზე, ღამის საათებში. მე განყოფილებასთან ვიყავი, როდესაც ალექსანდრე მრელაშვილი გამოვიდა განყოფილებიდან, ცოტა აგრესიული ტონით ამბობდა, რომ ჩვენება უკვე მიცემული მაქვს, არაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ. ამაზე გამოეკიდნენ პოლიციელები და ძალის გამოყენებით დააკავეს და შეიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში“, – ამბობს ადვოკატი ლაშა კაპანაძე „ფორმულასთან“
ლაშა კაპანაძე „ტვ პირველთან“ იხსენებს ალექსანდრე მრელაშვილის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, სასტუმროს სტუმრებმა მესამე სართულიდან გადმოასხეს სითხე, რომელიც აპარატურას დაესხა და დაზიანდა.
მისივე თქმით, განყოფილებაში მეორედ მისვლის შემდეგ მომღერალმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს.
შსს აცხადებს, რომ მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ შეთრიეს მრევლიშვილი ძალის გამოყენებით განყოფილებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქორწილში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე). დაკავებულია სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე.
შსს წერს, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ადვოკატი ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. ის ამბობს, რომ ჭიღლაძე „რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“.
დაკავებულის ძმა ამბობს, რომ სასტუმროს სტუმრები ხმაურის გამო ქორწილის სტუმრებს წყალს ასხამდნენ აპარატურის დაზიანების მიზნით, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
„ჩემი ძმა არ ასულა იქ საჩხუბრად. ავიდა, რომ ეთქვა, ქორწილში ამგვარი საქციელი მიუღებელია. ამის შემდეგ ამ ქალმა მოსთხოვა რუსულად საუბარი, რადგან ჩემს ნომერში ხარო. ჩემმა ძმამ კი უპასუხა, რომ თავის ქვეყანაში ან ქართულად, ან ინგლისურად დაელაპარაკებოდა. ამის შემდეგ ჰკრა ჩემს ძმას ხელი და ინსტინქტურად ეს ყველაფერი მოხდა“, — წერს დაკავებულის ძმა, კახა ჭიღლაძე.
