უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა აზოვის ზღვაში რუსეთის 12 ტანკერს, ერთ ბუქსირსა და ერთ მშრალტვირთმზიდ გემს დაარტყეს. უწყება ამბობს, რომ „ მიყენებული ზიანის ხარისხი და იერიშის შედეგები ზუსტდება“.
„დაზიანებული გემები გამოიყენებოდა, სხვა დანიშნულებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფებების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებისთვის, აგრეთვე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით. ისინი უზრუნველყოფენ ენერგორესურსების ექსპორტს, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა“, – დაწერა სამხედრო უწყებამ Telegram-ზე.
უწყება ამბობს, რომ დარტყმა განხორციელდა ბატაისკში (როსტოვის ოლქი) მდებარე ნავთობმზიდ ტერმინალზე „Юг Руси-ზე“. უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ ეს ობიექტი უზრუნველყოფს ნავთობპროდუქტების გადაზიდვას ექსპორტისთვის და გამოიყენება სამხრეთის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფებების საწვავ-საპოხი მასალებით მომარაგებისთვის, ისევე როგორც იმ სავალუტო შემოსავლების მისაღებად, რომლებიც მიიმართება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დასაფინანსებლად.
უკრაინა ამბობს, რომ გარდა ამისა, გაანადგურეს საბრძოლო მასალის საწყობი ლუგანსკის ოლქის სოროკინოს რაიონში.
