ქართული ოცნება პროტესტის წინააღმდეგ 2024 წლის ბოლოდან აქტიურად იყენებს ისეთ სათვალთვალო ტექნოლოგიებს, რომელთა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობაზეც საიამ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება, მათი მახასიათებლების შესახებ საკმარისი ინფორმაციის არარსებობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო გარანტიების ნაკლებობის პირობებში, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ცალსახად პროტესტის ჩახშობას, შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის ადამიანების დასჯას და საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება. ამ საკითხს ახალ სიმწვავეს სძენს Algorithmwatch-ის მიერ 2026 წლის 27 ივნისს გამოქვეყნებული გამოძიება, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს შეშფოთებას აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და აჩენს ახალ შეკითხვებს მოქალაქეთა უფლებების დაცვასთან და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
Algorithmwatch-ის გამოძიების შინაარსი
Algorithmwatch გერმანიაში დაფუძნებული საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებებთან და სამართლიანობასთან ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების შესაბამისობის საკითხზე მუშაობს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, 2013 წლიდან საქართველოს შსს სახის ამომცნობ სისტემას რუსული კომპანიის, Papillon AO-სგან ყიდულობს. ორგანიზაციის მიზედვით, Pappilon AO დასანქცირებულია უკრაინის, შვეიცარიის, იაპონიის და აშშ-ის მიერ, მის პროდუქტებს ძირითადად რუსეთი და მისი მოკავშირე სახელმწიფოები იყენებენ და მას, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულება აქვს, ითანამშრომლოს რუსეთის უშიშროების სამსახურთან (FSB-სთან).
ორგანიზაციის მიხედვით, სათვალთვალო სისტემა ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ხუთჯერ განახლდა და ბოლოს ლიცენზია 2024 წლის ოქტომბერში მიიღო. შსს-ს მიერ შეძენილი უახლესი განახლება, Polyface 3.7.0, 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიეწოდა სამინისტროს. Polyface ეფუძნება ამოცნობის ღრმა სწავლების ალგორითმს (deep learning recognition algorithm), რომელიც შეიმუშავა ნოვოსიბირსკში დაფუძნებულმა და რუსეთის სახელმწიფო ვენჩურული ფონდის მიერ დაფინანსებულმა ხელოვნური ინტელექტის რუსულმა კომპანიამ 3DiVi-მ.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტრომ პირდაპირ მოითხოვა ლიცენზიები ოპერატორთა შეუზღუდავი რაოდენობისთვის. მანამდე, 2025 წლამდე, სისტემა ერთდროულად მაქსიმუმ 30 ოპერატორის მუშაობას უჭერდა მხარს. ეს ცვლილება მიუთითებს სამინისტროს მზარდ საჭიროებაზე, აკონტროლოს უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები.
Algorithmwatch-ის მიხედვით, სახეების იდენტიფიცირებისთვის სისტემა იყენებს ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც სამოქალაქო რეესტრში დაცულ ფოტოსურათებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროგრამას ასევე შეუძლია შედარება წინასწარ ატვირთულ ფოტოებთან, მათ შორის სოციალური მედიისა და სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ გამოსახულებებთან. პუბლიკაციის მიხედვით, ეს ფუნქცია სამინისტრომ 2024 წელს მოითხოვა, რაც მიუთითებს, რომ სხვადასხვა პლატფორმიდან მონაცემების გამოყენებით ზედამხედველობა სისტემის ერთ-ერთ მიზნობრივ ფუნქციად იყო გათვალისწინებული.
ორგანიზაციის შეფასებით, პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა გამოიყენებოდეს სამი ძირითადი გზით:
-
ავტომატური იდენტიფიკაცია – Polyface რეალურ დროში ამუშავებს კამერის ვიდეონაკადს, ხალხში არჩევს თითოეულ იდენტიფიცირებად სახეს და რამდენიმე წამით აჩერებს ეკრანზე, რაც საკმარისია პირის იდენტიფიკაციისთვის გამოსახულების გადასაღებად. ამის შემდეგ სისტემა ავტომატურად გადადის შემდეგ სახეზე. პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, ადამიანის მიერ კამერის მართვის გარეშე.
-
ოპერატორის მიერ მართული ძიება – თანამშრომელი ხელით იღებს კამერის მართვას, მიმართავს მას კონკრეტული პირისკენ, ადიდებს გამოსახულებას და რეალურ დროში ადარებს ამ პირის სახეს მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას. 2018 წლის ხელშეკრულებით ამ ფუნქციის ერთდროულად გამოყენება 30 თანამშრომელს შეეძლო, ხოლო 2024 წლის ხელშეკრულებით ეს შეზღუდვა გაუქმდა.
-
საკონტროლო სიის (watchlist) შეტყობინებები – სისტემაში წინასწარ იტვირთება ინტერესის მქონე პირთა სია, მაგალითად, აქტივისტები, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, ადრე დაჯარიმებული დემონსტრანტები ან პირები, რომლებიც წინა ოპერატიულ ღონისძიებებში იყვნენ იდენტიფიცირებულნი. როდესაც კამერა ამ სიაში მყოფ პირს აფიქსირებს, Polyface დაუყოვნებლივ გასცემს შესაბამის შეტყობინებას. ეს ფუნქცია სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო მისი თავდაპირველი, 2013 წლის შესყიდვის დროიდანვე.
სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემურობა საქართველოში
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკვე წელიწადზე მეტია საუბრობს საქართველოში შეკრებების წინააღმდეგ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე, მათ შორის, სათვალთვალო კამერების სავარაუდო სახის ამომცნობი ფუნქციების პრობლემურობაზე. ხაზი უნდა გაესვას, რომ ქართული ოცნების მიერ სათვალთვალო ტექნოლოგიების გამოყენების არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა მანამდეც, სანამ რუსეთის უშიშროების სამსახურებთან ამ ტექნოლოგიების სავარაუდო კავშირის შესახებ გახდებოდა ცნობილი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 2025 წლის 10 თებერვალს მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გამოეკვლია და შეესწავლა კამერის მონაცემების გამოყენებისა და დამუშავების კანონიერება.
ამასთან, საიამ 2025 წლის 12 მარტს საზოგადოებას აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საიასთვის ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეოების დამუშავებისას კონკრეტული ადამიანების მიზნობრივი მეთვალყურეობის/თვალთვალის შესახებ. კერძოდ, 2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით ჰქონდა წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლაივ რეჟიმში. ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე, შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად ადვილი გასარჩევია, თუ რას კითხულობს მოქალაქე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება ლაივ რეჟიმში. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად. ვიდეოჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან. ამასთან დაკავშირებით საიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დროულად და სათანადოდ შეესწავლა აღნიშნული ფაქტი და მოეხდინა მასზე ეფექტიანი რეაგირება.
