ირანული მედიასაშუალების, WANA-ს თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეგიონის არაერთი მაღალჩინოსანი და მაღალი რანგის დელეგაცია დაესწრება აიათოლა ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებებს, რომლებიც ივლისის დასაწყისში რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართება თეირანში, ყუმში, მეშჰედსა და ერაყის გარკვეულ ნაწილებში.

ნეტგაზეთი ამ ცნობის გადამოწმებას ცდილობს ყაველაშვილის პრესსამსახურთან. უწყების პრესსამსახურში შესაბამისი კითხვისთვის ჯერ არ უპასუხიათ.

აიათოლა ალი ხამენეი თებერვალში აშშ-ისა და ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს დაკრძალვის ცერემონიაში. ცნობების მიხედვით, ის იყო რეგიონულ ლიდერთა შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც დასწრების განზრახვა გაახმიანა.

“მომავალ კვირას თეირანში ასევე იგეგმება თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ჩასვლა, რომელიც მაღალი დონის დელეგაციას უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ასევე დაესწრება სამგლოვიარო და დაკრძალვის ცერემონიებს”, – იუწყება ირანული მედია.

ამავდროულად, ამავე ცნობის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანში ამ მიზნით გამგზავრებას გეგმავს. ცნობები ასევე მიუთითებს, რომ ყატარის ემირი, სავარაუდოდ, თავისი ქვეყნის დელეგაციას უხელმძღვანელებს. იმ შემთხვევაში, თუ მისი მოგზაურობის გეგმები შეიცვლება, დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება სათავეში.

სამხრეთ აზიიდან, პარასკევს, 3 ივლისს , ირანში უნდა ჩავიდეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, მაღალი რანგის დელეგაციის თანხლებით. მანამდე მან პაკისტანის ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ ეს ვიზიტი ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ოფიციალურ მიწვევას უკავშირდება.

ხელმისაწვდომი ინფორმაციით, სამგლოვიარო პროგრამის ფარგლებში ერაყში გაემგზავრება ირანის პრეზიდენტი ფეზეშქიანიც. დაგეგმილი განრიგის მიხედვით, თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ, გარდაცვლილი ლიდერის ცხედარს ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, სანამ საბოლოო დაკრძალვისთვის ისევ ირანში, კერძოდ, მეშჰედში დააბრუნებენ. ამის გამო ზოგიერთმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა და მომლოცველმა, რომლებიც თავდაპირველად ირანში გეგმავდნენ ცერემონიებზე დასწრებას, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვიტეს, ერაყში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა.

ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალჩინოსნებისა და ოფიციალური დელეგაციების ჩასვლა პარასკევიდან დაიწყება. მისი თქმით, მიღებულია ყველა აუცილებელი ზომა სტუმრების მისაღებად, ცერემონიებში მათი მონაწილეობის ხელშესაწყობად და ირანელ მაღალჩინოსნებთან ორმხრივი შეხვედრების ორგანიზებისთვის.

ოფიციალური განრიგის მიხედვით,  აიათოლა ხამენეის საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონია 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე დაიწყება თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება.

სამგლოვიარო ლოცვები 5 ივლისის დილით გაიმართება. თეირანში, ყუმსა და ერაყში გამართული ცერემონიების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს მეშჰედში დაკრძალავენ.