პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

ამის შესახებ პარტიამ დღეს, 29 ივნისს, ბრიფინგი გამართა.

როგორც გახარიას პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში ადგილი ჰქონდა „ოცნების“ დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს, რაც კონსტიტუციურ ორგანოში პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა.

„მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად დუმან. გვინდა მათ შევახსენოთ, „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს.

როდესაც ახალგაზრდები ციხეში წლობით სხედან მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, მზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა, 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის, ამ პირობებში ეს ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, „ოცნების“ ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის, ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ.

დღეს „ოცნებას“ კრიტიკა აკრძალული და ნებისმიერი განსხვავებული აზრი სანქცირებული აქვს – ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე პარლამენტში ძალადობით ცდილობს იგივეს.

„ოცნებამ“ შექმნა რეალობა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოხატვა ციხეში მოხვედრის ან ფიზიკური თავდასხმების ფასად უჯდება, სადაც ქალს საკუთარი ღირსების დაცვისთვის წლობით პატიმრობაში უშვებენ, „ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს კი ნებისმიერ მძიმე უკანონობაზე დაუსჯელობის გარანტია აქვთ და რაც არ უნდა ჩაიდინონ, „ოცნებისგან“ მიღებული პრივილეგიების გამო, ყველაფერი ეპატიებათ. ეს სიტუაცია ქვეყანაში უაღრესად საშიშ გარემოს ქმნის.

ძალადობა ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების, მოქალაქეების წინააღმდეგ, ძალადობა ქუჩებში, დაკავების მანქანებში, პოლიციის განყოფილებებში, ყველგან იქ, სადაც ვიდეოკამერები არ არსებობს, და ახლა უკვე პარლამენტში, საჯაროდ, კამერების წინ, უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, პირდაპირ აჩვენებს „ოცნების“ მიერ ორგანიზებული ძალადობის სისტემურობას.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მასმედიაში გამოქვეყნებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია, თუმცა ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს.

კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

ფაქტი ერთია, რომ ფასებთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, ოკუპაციასთან და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ ოცნებას აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს.

ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა იმ უსამართლოდ ჩაგრული ადამიანის სახელით, რომელიც დღეს განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.

ყველამ ვიცით, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი, ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ მოვა დრო, როცა ყველა მოძალადეს გარდაუვლად მოუწევს სისხლისსამართლებრივი პასუხისგება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს – გიგა ფარულავასა და მალხაზ თორიას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს, გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ოპონენტს დაარტყა, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში, რომლებიც სხვა რაკურსითაა გადაღებული, ჩანს, რომ ოპონენტს კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გენო პეტრიაშვილიც სცემს.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • გენო პეტრიაშვილი
  • ლევან მაჭავარიანი
  • ირაკლი კირცხალია
  • გიორგი ბარვენაშვილი
  • ვასილ ჩიგოგიძე.

ერთ-ერთი, ვინც გახარიას პარტიის წევრებს სცემა, სწორედ არჩილ გორდულაძეა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

დაპირისპირების დასაწყისში გორდულაძე პარლამენტის დეპუტატების ტრიბუნებს შორის იდგა, თუმცა შემდეგ სხდომათა დარბაზის მეორე მხარეს გადაინაცვლა. კადრებში ჩანს, რომ არჩილ გორდულაძე ჯერ ტრიბუნაზე შეხტა, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებს, გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას სცემა. კადრებში ჩანს, რომ გორდულაძესთან ერთად გახარიას პარტიელებს ურტყამენ „ოცნების“ დეპუტატები, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და გიორგი ბარვენაშვილი.