“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია ე.წ. FARA-სა და გრანტების შესახებ კანონნთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეს სიღრმისეულად განიხილავს.

ახლა ჯერი მოპასუხე მხარეზე, ანუ იუსტიციის სამინისტროზეა. მას 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს.

საჩივარი ეხება დაახლოებით სამი თვის წინ, 2026 წლის აპრილში, დაჩქარებული წესით დამტკიცებულ რეპრესიულ კანონებს – ე.წ. FARA-სა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, “რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიული სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა”.

საჩივრის ავტორები არიან:

  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”
  • “ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი”
  • “კანონის უზენაესობის ცენტრი”
  • “პუბლიკა”;
  • “საქართველოს ევროპული ორბიტა”
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის”
  • ასევე, ეკა გიგაური, ნინო ევგენიძე და ნინო ლომჯარია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იმავე ეტაპზეა კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიური საჩივრები.

“სასამართლოს კითხვები შეეხება იმას, რამდენად შეესაბამება ეს კანონები და მათ საფუძველზე მიღებული რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვის აკრძალვას.

ეს არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შუალედური გამარჯვება. წინ კიდევ ინტენსიური სამართლებრივი ბრძოლაა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საერთაშორისო სასამართლომ შეაფასოს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.


31 მაისიდან ძალაში შევიდა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონი – ე.წ. ამერიკული FARA-ს ასლი. ხსენებული აქტი აშშ-ში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნაცისტური და საბჭოთა პროპაგანდის აღსაკვეთად — ანუ, ვაშინგტონის გადმოსახედიდან, მისი მეტოქეების წინააღმდეგ — მიიღეს. მაშინ, როცა “ქართული ოცნება” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით” ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან და სხვა სხვა საერთაშორისო მხარდამჭერებისგან მიღებული დაფინანსების, ამ გზით კი მედიისა თუ სამოქალაქო საზოგადოების კონტროლს ცდილობს. არაერთი კვალიფიციური სამართლებრივი შეფასება ამბობს, რომ ქართულ რეალობაში  FARA-ს გადმოტანა შეუძლებელია, თუ მხედველობაში არ იქნება მიღებული ამერიკაში ამ კანონის გამოყენების სასამართლო პრაქტიკა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც აზუსტებს კანონის შინაარსს, სტანდარტებსა და პრინციპებს.

გრანტების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებების მიხედვით გაფართოვდა გრანტის ცნება. კანონის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საკუთარი ქართული ფილიალისთვის გრანტის მიღება მთავრობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მიმღების დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით. მათზე არ ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.