მოქალაქე თამუნა გიორგაძეს ივანიშვილის წყევლისთვის 5000 ლარამდე ჯარიმა, ან 20 დღემდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი უკვე გადასცა სასამართლოს.

“[ოქმში] წერია, რომ სოციალურ ქსელში განვათავსე პოსტი, სადაც შეურაცხყოფას ვაყენებ ბიძინა ივანიშვილს. მე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია არავისთვის. შეურაცხყოფად მოიაზრება გინება, ან რაღაცა მაგდაგვარი, ხომ? მე დავწერე წყევლა, რომელიც რატომღაც გაყვანილია შეურაცხყოფის რანგში. უფრო სწორად, ცდილობენ გაიყვანონ. მაგასთან დაკავშირებით არის აღძრული საქმე. სქროლვა-სქრინვის სამმართველო ამბობს, რომ ჩემ მიერ დაწერილი წყევლის პოსტი არის ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფა”, – უთხრა TV პირველს თამუნა გიორგაძემ.

ჟურნალისტი მას ჩაეკითხა, არსებობს თუ არა საქმეში “დაზარალებული”, ანუ ადამიანი, ვის შეურაცხყოფასაც გიორგაძეს ედავებიან.

“ტროტუარზე დგომის გამო რომ გვიშვებდნენ საპატიმროში, არც მაშინ არსებობდნენ დაზარალებული ადამიანები, რომლებიც იტყოდნენ, რომ ვინმემ ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში. პრაქტიკა აქვთ ეგეთი – არ აქვს მნიშვნელობა, ვის აფერხებ, ვისზე რას წერ, როგორ წერ, ასე უნდათ და ასე აკეთებენ”, – ასე უპასუხა კითხვას თამუნა გიორგაძემ, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ ტროტუარზე დგომის გამო 2 დღით დააპატიმრეს.

თამუნა გიორგაძე აქვეყნებს მის წინააღმდეგ შედგენილი ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სანდრო კეპაშვილი. როგორც ოქმიდან ირკვევა, კეპაშვილი შსს-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად მუშაობს. ოქმში წერია, რომ “2026 წლის 11 ივნისს თამარ გიორგაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, პირად გვერდზე განათავსა პოსტი, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ბიძინა ივანიშვილს”.

რა დაწერა გიორგაძემ?

2026 წლის 11 ივნისს თამუნა გიორგაძემ გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი:

“ბიძინა ივანიშვილო, შენ ამოგიწყდეს ყველა, ვინც გულში გყავს, ვინც გიყვარს ( არ მგონია, რომ ეს გრძნობა საერთოდ გაგაჩნია ვინმეს მიმართ) და ოდნავ მაინც გაღელვებს და გაინტერესებს მისი მდგომარეობა. ისე ამოწყდი, რომ შენი გვარიდან ხმის გამცემიც არავინ დაგრჩეს. ღმერთს ვთხოვ, სიცოცხლის დარჩენილი დროიდან ერთი დღე არ გაგთენებოდეს ტირილის და გლოვის გარეშე. შენი სახსენებელი ამოუწყდეს ამ პლანეტაზე და ამ ქვეყანაში, შენი სახელის და გვარის წარმოთქმა კი არა, გაფიქრებაც გულს ურევდეს ნებისმიერ სულიერს შე მძორი არაადამიანო, არაკაცო და უხსენებელო”.
მას შემდეგ, რაც ამ პოსტის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში დაიბარეს, გიორგაძემ იმავე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “პირადად ივანიშვილს და კრებსით ქოცებს გითვლით იმავეს, რაც სადავო პოსტში მიწერია. თუ უსამართლოდ გითვლით, მე დამიბრუნდეს ყოველი სიტყვა, თუ სამართლიანად გიგზავნით, არაფერი არ აგცდეთ, რაც მანდ წერია”.

გიორგაძის საქმე სასამართლოს  დღეს, 22 ივნისს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა გადაიდო.

დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო მოქალაქე გიორგი მელითაურის სხდომაც. შსს მასაც იგივე – 166-ე მუხლის დარღვევას ედავება. თუმცა, გიორგაძისგან განსხვავებით, მას არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ საკუთარი მეგობრის შეურაცხყოფას ედავებიან.

დაახლოებით 2 კვირის წინ, 6 ივნისს, ტრადიციული შაბათის მარშის დაწყებამდე, ფილარმონიასთან თავს დაესხნენ ზემოთ ხსენებულ თამუნა გიორგაძეს და ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს. ამ ამბის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა” საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მელითაურს ედავება, რომ სწორედ “მთავარის” პოსტის ქვეშ დაწერა კომენტარი, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა ლევან ზაზაძეს. ოქმს თან ერთვის ე.წ. სქროლვა-სქრინვის სამმართველოს მიერ დასქრინული ფოტო. შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს როგორც მელითაური, ისე ზაზაძე. თუმცა, თუ მოსამართლე ენუქიძე შსს-ს ოქმს კანონიერად ცნობს, შესაძლოა მელითაური დააჯარიმონ  500 ლარიდან 3 000 ლარამდე, ან დააპატიმრონ 20 დღემდე ვადით.

ამავე თემაზე: