სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს, 30 მაისს უკვე მე-2 მოქალაქის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. საქმე ამჯერადაც ჯაშუშობასთან გვაქვს.

განახლება: სუს-ში ადასტურებენ, რომ დაკავებული არის ირაკლი ჩიხლაძე.

უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის ინფორმაციით, დაკავებული კაცი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, აგროვებდა და გადასცემდა მათ სადაზვერვო ინფორმაციას.

“გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათს ინფორმაციის მოპოვებას და გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციულ ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე,  წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.

გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული ონლაინ-პლატფორმის საფარით უცხო ქვეყნის სამსახურების დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებას და გადაცემას. ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა მათ შესრულების პროცესს.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე მუხლით დღეს დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, გულბაათ რცხილაძე. სუს-ის ინფორმაციით, რცხილაძე “ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას”.