დღეს, 29 მაისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 61 წლის ზურა მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მიმდინარე პროტესტის აქტიურ მონაწილეს ედავებოდნენ საპროტესტო აქციის დროს გადაკეტილ გზაზე განმეორებით დგომას, რაც „ოცნების“ მზარდად რეპრესიული რეგულაციებით, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.
ზურა მენთეშაშვილი უკვე შვიდი თვეა, რაც პატიმრობაშია. ის 31 ოქტომბერს ღამით დააკავეს. შესაბამისად, ციხეს 2 თვეში დატოვებს.
სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ზურა მენთეშაშვილმა საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა:
„რა ხდება ქვეყანაზე, რატომ ვარ აქ? რატომღაც მგონია, რომ თქვენ კარგად იცით ეს ყოველივე და არ დავკარგავ დროს. [მიმართავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.]
ჩემნაირი ადამიანი ბოროტებას ვერ ჩაიდენს, არ ჩაიდენს და აზრადაც არ გაუჩნდება. რატომ ვიმყოფები აქ შვიდი თვეა, მშიერ მდგომარეობაში, რატომ მსჯიდნენ ციხეში ციხით… თემიდა თვალახვეული კი არის, მაგრამ ხელი არ ეშლება დანახვაში და სმენაში.
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მინდა დავინახო ჩემი ქვეყანა გამთლიანებული.
რა ჰქვია პრეზიდენტს? ყაველაშვილი არა, ბიძინა, ბიძინა. მისი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული ნიცშე რად ღირს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის. ეს თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, რა მეთქმის. ისეთი დამნაშავე ვარ, ოთხჯერ ვარ დასაჭერი. ასეთად დავიბადე და ასეთად მოვკვდები, სამუდამოც რომ მომისაჯოთ“, — თქვა ზურა მენთეშაშვილმა.
განაჩენის გამოცხადებას პროკურორი არც დასწრებია, რადგან შვებულებაშია. მის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი „მტკიცებულებათა ერთობლიობა“ კი, რომელიც ადასტურებს ზურა მენთეშაშვილის სისხლის სამართლის დანაშაულს, მის „რეციდივისტობას“, ასე გამოიყურება: პოლიციელებისა და გამომძიებლების ჩვენებები, რომელთაც გზაზე მდგომი დემონსტრანტი შენიშნეს და დააკავეს; ნივთმტკიცებები — მენთეშაშვილის „ტანთცმული ტანსაცმელი“, ქართული რაგბის და აშშ-ის დროშები, მეტრომანის ბარათები, თეთრი ფერის სამედიცინო პირბადე, გასაღები, მხედველობის სათვალე, ხაკისფერი ჩანთა, მობილური ტელეფონი.
„უკანონოდ იღებდა მონაწილეობას აქციაში და უკანონოდ კეტავდა გზას, ეჭვმიღმა არის დადასტურებული მენთეშაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. ნამდვილად არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, რომ სხვა მტკიცებულებების მოპოვება იყო შეუძლებელი და არც იყო საჭირო“, — ასე დაასრულა თავისი დასკვნითი სიტყვა პროკურორმა მაია ჟვანიამ წინა სხდომაზე.
გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არავის ჰქონია. თუმცა ადვოკატიც, გულშემატკივრებიც, თავად ზურაც, ელოდნენ, რომ განაჩენი 7 თვეს არ ასცდებოდა და დარბაზიდან თუ არ გაათავისუფლებდნენ, საპატიმროს რამდენიმე დღეში მაინც დატოვებდა.
ადვოკატ ჯანო ჭკადუას თქმით, სასამართლოში მნიშვნელობა აქვს დაკარგულ მტკიცებულებებს, კანონს, საღ აზრს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ვინაა პატიმარი და რა არის მისი დაკავების მიზანი „ოცნების“ ხელისუფლებისთვის. „ზურა მენთეშაშვილი სინდისის პატიმარია“, — ამბობს ადვოკატი.
მოისმინეთ ადვოკატის კომენტარი:
ზურა მენთეშაშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დემონსტრანტია, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს.
ზურა მენთეშაშვილი აქციაზე გზის „ხელოვნურად“ გადაკეტვის საბაბით პირველად 24 ოქტომბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით და 25 ოქტომბერს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ფოთის იზოლატორის დატოვების შემდეგ, პროტესტში დაბრუნებული მოქალაქე 31 ოქტომბერს, ღამით უკვე მეორედ დააკავეს, მის მიმართ ამჯერად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მეორედ დაკავების მომენტიდან იგი სრულად და ნაწილობრივ, ამა თუ იმ ფორმით შიმშილობს.
ზურა მენთეშაშვილის დას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, კახეთში ხვალ, 30 მაისს დაკრძალავენ.
