„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რუსეთსა და ცხინვალს შორის დადებულ 9 მაისის შეთანხმებაზე პარლამენტში რეზოლუციას წარადგენს.

“ხვალ 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და, სამწუხაროდ, ამ სიმბოლურ დღეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე კვლავ ხელისუფლების დუმილით ვხვდებით. სწორედ ამიტომ, დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს მიმდინარე წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულებასა და ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ”, – აცხადებენ პარტიაში.

მოსკოვსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ „ხელშეკრულებას“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიად და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ უკიდურესად სახიფათო ეტაპად მოიხსენიებს.

“ყველაზე მძიმე და საგანგაშო კი ის არის, რომ ამ ყველაფერზე „ოცნების“ ხელისუფლება დუმს! ამ პირობებში საქართველოს პარლამენტი რჩება ერთადერთ სივრცედ, მკაფიო პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას. ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინეტრესების დასაცავად!”

პარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყიტოს დუმილი და მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ რეზოლუციას.

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უმოქმედობა, აღადგინოს აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები და საერთაშორისო პარტნიორებთან რეალური თანამშრომლობა, რათა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და ჩვენი ქვეყანა არ დარჩეს მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ! დღეს, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ მკაფიო და პრინციპულები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე!” – ვკითხულობთ განცახდებაში.

შეთანხმების მიხედვით, მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას და ეტაპობრივად გადავლენ ერთიან მიდგომაზე “საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების” საკითხებში.

ასევე დაგეგმილია ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების გაერთიანება, საერთო კავშირისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება, სოციალური, შრომითი და კულტურული სფეროების თანამშრომლობის გაფართოება.

დოკუმენტი ასევე მიზნად ისახავს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებასა და თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას.

„მოსკოვი ცხინვალთან სრულ ინტეგრაციას ეტაპობრივად ამზადებს“ – ვანო აბრამაშვილი