გერმანიის ქალაქი ზაარბრუკენი წყვეტს 51-წლიან მეგობრობას თბილისთან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ზაარბრუკენის მერიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ნეტგაზეთი დაუკავშირდა მერიის პრესსამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ გადაამოწმებენ და დადასტურების შემთხვევაში თავადაც გაავრცელებენ ინფორმაციას.
განახლება: თანამშრომლობის შეწყვეტას კახა კალაძე “სამძიმრის წერილით” გამოეხმაურა. ის სამძიმარს უგზავნის გერმანელ ხალხს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“ და „გერმანია ჭაობშია ჩაფლულიო“.
ზაარბრუკენი და თბილისი 1975 წლიდან თანამშრომლობენ და დამეგობრებული ქალაქების სტატუსი აქვთ. ხელშეკრულება ხელი 1975 წლის 22 მარტს, თბილისის საკრებულოს შენობაში მოეწერა. თბილისს წარმოადგენდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ბახვა ლობჟანიძე, ხოლო ზაარბრუკენს ქალაქის მომავალი მერი ოსკარ ლაფონტენი. ეს იყო პირველი ოფიციალური ხელშეკრულება საბჭოთა კავშირისა და მაშინდელი დასავლეთ გერმანიის ქალაქებს შორის.

1975 წელიან ზაარბრუკენის სახელმწიფო თეატრის წინ მდებარე მოედანს თბილისის მოედანი ჰქვია. სამი წლის შემდეგ 1978 წელს, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში მდებარე მოედანს ზაარბრუკენის მოედანი ეწოდა.
