„თუ ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღაში ვერ მოვყევით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემდეგი ტალღა საერთოდ იყოს, განსაკუთრებით აღმოსავლეთით“, — ამბობს გიორგი რობაქიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და დიპლომატი.

იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, მათ შორის, ნატოში საქართველოს მისიასა და სლოვაკეთში საქართველოს საელჩოში. ჩართული იყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, ასოცირების შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებებში.

გიორგი რობაქიძე ამჟამად ბრიუსელში „ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორია. ის „ნეტგაზეთს“ უამბობს, რა გზა გაიარა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და როგორ კარგავს ახლა ისტორიულ შანსს:

— საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ფაქტობრივად, მის ინსტიტუციურ დონეზე დაწყებისთანავე ჩავერთე. ვითარება არც მაშინ იყო მარტივი. ჩვენ საერთოდ არ მოვიაზრებოდით ევროპული სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში, მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილიც და მოტივაციაც, რომ მოვახერხეთ და გადავიქეცით „წინამარბად“ (ასე ვთარგმნი Frontrunner-ს).

მახსოვს, როგორ ვჭიდაობდით თითოეულ აბზაცზე — თითოეულ ფორმულირებას ძალიან დიდი შრომა სჭირდებოდა. ახლა რომ ამბობენ, „ევროპულ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო“, აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტში მიიღება, ან განცხადება, რომელსაც კონკრეტული მოქმედი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი აკეთებს, აუცილებლად პოულობს ასახვას ევროკავშირის მასშტაბით არსებულ ამა თუ იმ დოკუმენტში. ეს დოკუმენტები კი ერთმანეთზე გადაბმულია. ის, რაც ერთ დოკუმენტში ერთხელ შევა, ავტომატურად, ხშირად ბევრ სხვა დოკუმენტშიც აისახება და პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზე.

ამასთან, ევროპული სისტემა ისე მუშაობს, რომ თუკი რაიმე ფორმულირება ერთხელ ჩამოყალიბდა, მის შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება. ახლა ბევრ დოკუმენტში აისახება საქართველოს მიმართ ისეთი კრიტიკული განცხადებები, რომელთა ამოშლაც შემდგომში ძალიან რთული იქნება. ბევრს მიაჩნია, რომ თუკი, პირობითად, ხვალ ხელისუფლება შეიცვლება, საქართველო დაუყოვნებლივი წინსვლა ექნება ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს ასე არ არის. ძალიან დიდი დრო და, უკეთეს შემთხვევაში, მინიმუმ ერთწლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდება იმას, რომ თუნდაც იმავე ნიშნულს დავუბრუნდეთ, რაზეც უკრაინის ომის დაწყებამდე ვიყავით.

არსებობს მეორე ფაქტორიც — ჩვენ ახლა ისტორიული მომენტის მომსწრენი ვართ. გაიხსნა ისტორიული ფანჯარა და რამდენ ხანს იქნება ის ღია, ძალიან ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, უკრაინის ომის დასრულებამდე და, შესაძლოა, კიდევ ცოტა ხანს. ამის შემდეგ ეს შესაძლებლობის ფანჯარა დაიხურება და ძნელი სათქმელია, კიდევ გაიღება თუ არა. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის ბოლო შანსია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აღმოვჩნდებით ერთგვარ „ლიმბოში“ — გაურკვეველ ვითარებაში, მაგალითად, როგორც თურქეთი, რომელიც ფორმალურად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ამ მოცემულობით წევრი ვერასდროს გახდება. ახლა კი გვაქვს რეალური შანსი, ნამდვილად გავხდეთ ევროკავშირის წევრები.

— როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ არ იყენებს ამ შანსს და, პირიქით, ევროკავშირთან კონფრონტაციაშია?

— გარკვეული პრობლემები მანამდეც იყო, მაგრამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დრამატული გაუარესება დროში უკრაინის მოვლენებს ემთხვევა, რაც, ჩემი აზრით, იყო კატალიზატორი, რომ „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე უფრო სწრაფად წარმოჩენილიყო. მაგალითად, 10 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნებოდა. როცა ამ თემებზე ევროპელებს ვესაუბრებოდით, გვეუბნებოდნენ, რომ ამ ეტაპზე არარეალური იყო. მით უმეტეს, მაშინ გაფართოებით გამოწვეული გადაღლა იგრძნობოდა; თავადაც არ იცოდნენ, აღმოსავლეთ ევროპის ახლად შეერთებული ქვეყნების ინტეგრირება როგორ მოეხდინათ, ახალი წევრების მიღებაზე კი საუბარიც ზედმეტი იყო. ეს პერსპექტივა უკრაინის ომმა გააჩინა. უკრაინელი ხალხის მამაცობამ სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მისცა საშუალება, ამ სიკეთით ესარგებლათ. ევროპისთვის ცალსახა გახდა, რომ თუკი ამ ქვეყნების ინტეგრირება არ მოხდება, ეს მათი უსაფრთხოებისთვისაც ცუდია.

რატომ არ იყენებს საქართველო ამ შანსს? ამაზე კოლეგებთან დახურულ თუ ღია ფორმატებში ბევრჯერ გვისაუბრია და არაერთი მიზეზის დასახელება შეიძლება. მე არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თავიდანვე ევროპული ინტეგრაციისგან ჩამოშორების ჩანაფიქრით მოვიდა. ეს თანდათანობით მოხდა. თავის დროზე ის საკმაოდ პროგრესული ძალა იყო, რომელიც თითქმის მთელ ოპოზიციურ სპექტრს აერთიანებდა, მაგრამ წლების განმავლობაში გაიფილტრა და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ კონტინგენტი, რომელიც ყველაფერზე მოაწერს ხელს, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

მთავარი ფაქტორი სწორედ ძალაუფლების შენარჩუნებაა. ევროპულ დემოკრატიაში ხელისუფლებები იცვლება. „ქართული ოცნება“ უკვე ისეთ ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსავალი მათთვის მხოლოდ ხელისუფლების დათმობა არ იქნება. მათ უმეტესობას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, დარღვეული აქვს ქვეყნის კონსტიტუცია, ყველა დონეზე კორუფციის ნიშნებია. შესაბამისად, ხელისუფლების დაკარგვა მათთვის, გარკვეულწილად, შეიძლება თავისუფლების დაკარგვასთანაც ასოცირდებოდეს. ამიტომ, უკვე „ვა-ბანკზე“ მიდიან და ყველაფერს სწირავენ იმისთვის, რომ მმართველობა შეინარჩუნონ.

ამასთან, უკვირთ, რატომ არ გვესაუბრება ევროპა ჩვენ ისე, როგორც, მაგალითად, აზერბაიჯანს. მათ უნდათ, ევროკავშირთან დაახლოებით ისეთი ტიპის ურთიერთობა ააწყონ, როგორიც აქვთ აზერბაიჯანს, თურქმენეთს ან უზბეკეთს, რაც მხოლოდ პრაგმატულ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მიდგომა — „ჩვენს შიდა საქმეებში ნუ ჩაერევით, შიგნით რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ოღონდ თქვენთან მაინც ვიმეგობრებთ და ვიმეზობლებთ“ — არ იმუშავებს. განსხვავება ისაა, რომ ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ. ევროკავშირი არასდროს დაუშვებს, რომ მასთან ასოცირებულ სახელმწიფოში იყოს ისეთივე ვითარება, როგორიც მესამე ქვეყანაშია, რომელთანაც უბრალოდ პრაგმატული ურთიერთობა აკავშირებს.

მუდმივად აკეთებენ აქცენტს, რომ „შუა დერეფანი“ და დაკავშირებადობა საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს. იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს პრაქტიკული ინტერესი გადაწონის ადამიანის უფლებების დარღვევებზე მითითების საჭიროებას. თუმცა, მე ვერ ვხედავ მოცემულობას, რომ ამ ეტაპზე და ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დალაგდეს. ეს იმითაც დადასტურდა, რომ სამთავრობო არხს ევროპარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. დარწმუნებული ვარ, ახლოვდება დრო, როცა ევროკავშირის დონეზე კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ინდივიდუალურ სანქციებსაც ვიხილავთ. თუკი აქამდე სანქციებს უნგრეთი ბლოკავდა, დღეს ეს წინაღობა მოხსნილია. რაც შეეხება, მაგალითად, სლოვაკეთს, ფიცო არ არის იმ ტიპის ლიდერი, როგორიც ორბანი იყო. ის გაცილებით მოწყვლადია ევროკავშირის ზეწოლის მიმართ და საკუთარ თავზე იმხელა დარტყმას ვერ აიღებს. შესაბამისად, არ მგონია, ფიცომ „ქართული ოცნებისთვის“ ორბანის როლი ითამაშოს. ბულგარეთის ახალარჩეული პრეზიდენტიც პრორუსული სენტიმენტებით გამოირჩევა და გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლოა მან დაიკავოს ორბანის ადგილი… ესეც ნაკლებად სავარაუდოა, ბულგარეთიც არ არის უნგრეთის წონის ქვეყანა. ამიტომ, ვფიქრობ, სანქციები დღეს გაცილებით უფრო რეალისტურია, ვიდრე აქამდე. თუმცა, კონკრეტულად ამ ეტაპზე, რაიმე ინდიკატორი იმისა, რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, არ არსებობს.

— ევროკავშირსაც სჭირდება დაკავშირებადობა და, მარტა კოსის სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგი საქართველოს გარეშე ვერ იარსებებს. ფიქრობთ, რომ ეს საჭიროება „ქართული ოცნებისთვის“ შესაძლოა, მაშველი რგოლი აღმოჩნდეს, რათა სანქციებს ან, თუნდაც, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას თავი აარიდოს?

— ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაგმატული ინტერესი არსებობს, მაგრამ საქართველო, სამწუხაროდ, უალტერნატივო აღარ არის. ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებამ გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა. ცენტრალური აზიიდან თურქეთამდე და იქიდან ევროპამდე გეოგრაფიულად უმოკლესი გზა ახლა სომხეთზე გადის. უბრალოდ, ამ ეტაპზე იქ ინფრასტრუქტურა არ არსებობს. ინფრასტრუქტურის მოწყობას დიდი დრო არ დასჭირდება, მთავარია პოლიტიკური ნება და ინვესტიციები. პოლიტიკური ნება არსებობს, ინვესტიციების მოზიდვას კი დრო გვიჩვენებს. აზერბაიჯანის ინტერესშიცაა, რომ ეს დერეფანი საკმაოდ მალე ამოქმედდეს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანი აღარაა. მაგრამ რას უზამენ მას? ნავთობსადენს ან გაზსადენს ხომ ვერ გადაკეტავენ? ამას ვერ იზამენ. მეორე მხრივ, ჩვენთან მიმართებით ინტერესი ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედება იყო, თუმცა, თუკი ის ჩინეთის ხელში აღმოჩნდება, ანაკლიის პორტი თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავს. ამიტომ, დაკავშირებადობა „ოცნების“ მაშველი რგოლი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ევროპელები პრაგმატული ხალხია, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლებსაც ევროკავშირი არ გადაკვეთს.

დიახ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ეტაპზე ძალიან ძლიერია, ოპოზიცია კი — სუსტი, მაგრამ ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები. შესაბამისად, იმ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვართ, რომ ევროკავშირს სასაუბროდ ხელისუფლების გარდა არანაირი ალტერნატივა არ ჰქონდეს. შანსი იმისა, რომ ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს, არსებობს და დარწმუნებული ვარ, პირველ ეტაპზე ევროპელი პოლიტიკოსები სწორედ ამ მიმართულებით გააკეთებენ ფსონს და არა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში (Business as usual) გააგრძელონ.

ქართველ პოლიტიკოსებს რომ უსმენ, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეს, თითქოს საქართველოს კი არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ ევროკავშირს უნდა საქართველოში გაწევრიანება. თუკი ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგაში გინდა თამაში, რაგბის წესებით არავინ გათამაშებს. იქ ფეხბურთის წესებით უნდა ითამაშო. „ბორჯღალოსნები“, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მადრიდის „რეალს“ ვერ ეთამაშებიან, რადგან სხვადასხვა სპორტია. ასევეა ევროკავშირის შემთხვევაშიც — თუ გინდა ამ საზოგადოების ნაწილი გახდე, უნდა დაემორჩილო კონკრეტულ წესებს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, გამჭვირვალობასა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

რამდენჯერაც რამეს დავწერ, ხშირად მხვდება კომენტარები, თითქოს საქართველო არასდროს ყოფილა ევროპა და ის ყოველთვის კავკასია იყო. ეს ძალიან მცდარი შეხედულება და იმ რუსული ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც საერთო კავკასიურ კონტექსტში მოგვიაზრებს — რომ თითქოს ყველას ერთნაირი ჩოხები გვაცვია და ერთნაირი ხალხი ვართ. პირადად მე მიმაჩნია, რომ ქართველს, თავისი მსოფლმხედველობით, მენტალიტეტით, ისტორიული გზით, გაცილებით მეტი საერთო აქვს ბერძენთან, ბულგარელთან, რუმინელთან, ვიდრე, კავკასიის ქედის ჩრდილოეთით მცხოვრებ ერებთან, მათ მიმართ სრული პატივისცემით.

— თუმცა, პროპაგანდა, თითქოს ევროპა სუვერენიტეტსა და იდენტობას გვართმევს, მუშაობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უმცირესობების თემებს ეხება… რა უნდა დაუპირისპირდეს ამ პროპაგანდას?

— ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. ეს რუსული პროპაგანდაა, რომელიც ზუსტად ასეთივე წარმატებით ვრცელდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც. ეს არის სახელმწიფოს მიერ სტრუქტურირებული ჰიბრიდული ომი, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ველს არ მოიცავს. თუ დავაკვირდებით უშუალოდ ევროკავშირის შიგნით მოქმედ რადიკალურ პარტიებს, ფაქტობრივად, ყველა მათგანის უკან რუსული კვალი მოჩანს. ყველგან შეინიშნება ერთიანი ნარატივი, თითქოს ევროპა გვართმევს იდენტობას, ცვლის ორიენტაციას, კაცებს ათხოვებს და ა.შ.

საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ევროპაში ვინმე არ ჰყავდეს. ჰკითხეთ მათ: ათხოვებენ ვინმეს? რაიმეს აიძულებენ? ართმევენ მართლმადიდებლობას? ევროპა ზუსტად ის ადგილია, სადაც ქართული მენტალიტეტი და იდენტობა მაქსიმალურად კარგად იქნება შენარჩუნებული. ნუთუ ბერძნებმა, კვიპროსელებმა, ბულგარელებმა ან რუმინელებმა ევროკავშირში მართლმადიდებლობა დაკარგეს? ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ სწორად მახსოვს, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია კანონით დაშვებული. მაგრამ ის, რომ ადამიანს „ტაბურეტით“ არ უნდა გამოეკიდო და მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო არ უნდა სცემო — ეს უკვე ადამიანის ძირითად უფლებებს ეხება და არა უბრალოდ უმცირესობების უფლებებს.

ევროკავშირში ყოფნა სწორედ მისი მრავალფეროვნების გამო გვსურს. იმისთვის, რომ თავში „ტაბურეტი“ არავინ ჩაგვარტყას მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები ვართ. თუკი ჩვენ იმ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, რომ ყველა, ვინც ჩვენნაირი არ არის, უნდა ვცემოთ, მაშინ 80 მილიონი გერმანელი და 70 მილიონი ფრანგი ეტყვის 2 მილიონ ქართველს: „რატომ არ ხარ ჩემნაირი?“. მაგრამ ევროკავშირის მიმზიდველობაც სწორედ ის არის, რომ იქ ამას არავინ გეუბნება. შენ ევროპისთვის მისაღები და მასთან ინტეგრირებული ხარ შენი ფასეულობებით, შეხედულებებით და ისტორიით, რომლითაც წარმოდგენილი ხარ, და არავინ გაიძულებს ამის შეცვლას. უბრალოდ, არსებობს თამაშის ერთიანი წესები და მათ უნდა დაემორჩილო — ოჯახში ტალახიანი ფეხებით არ უნდა შეხვიდე.

— თქვენ თქვით, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნარატივებში თანხვედრაა თუ კოორდინირებულიც რუსეთიდან არის?

— თუკი სომხეთისა და მოლდოვის შემთხვევაში მეტ-ნაკლებად საჭირო იყო გარედან მართული საინფორმაციო ქსელის ჩართულობა, საქართველოს შემთხვევაში ეს ფუნქცია თავად ხელისუფლებამ, მისმა მედიამ და ტროლებმა იტვირთეს. ტექნოლოგია ნამდვილად რუსულია. ეს არის რუსული ნოუ-ჰაუ, რომელიც ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის პერიოდიდან დაინერგა და დღეს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე ავიდა. ვერ ვიტყოდი, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ამ ყველაფერში რუსეთიდან უშუალოდ ვინმე ერევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სქემა რუსულიდან არის გადმოღებული — უდავოა. თავის დროზე ჰყავდათ თუ არა დამხმარეები და გაიარეს თუ არა ტრენინგები, არ ვიცი, მაგრამ დღეს პროპაგანდა, ალბათ, ლოკალურად იმართება. ვფიქრობ, გარკვეული ჯგუფები, ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“, სავარაუდოდ ამ მიმართულებითაც არიან დასაქმებულნი.

— უვიზო მიმოსვლა ქართველ ხალხს ყველაზე მეტად აღელვებს. მოსალოდნელია თუ არა მისი შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის?

— ამ ეტაპზე, სადაც ხელი მიმიწვდება, ყველგან ვამბობ, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება პირველ რიგში მოსახლეობას დაარტყამს და არა — ხელისუფლებას. ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული, ვიდრე უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. ვისთანაც მისაუბრია, აღნიშნავენ, რომ უვიზოს შეჩერება ჯერ არც განიხილება, თუმცა, ეს მუდმივად ასე ვერ გაგრძელდება. ორ წელიწადში ერთხელ დგება ვიზალიბერალიზაციის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ევროკომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს ქვეყანა იმ პირობებს, რომლითაც მას უვიზო მიმოსვლა გაეხსნა. ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ იმ ეტაპამდე, როცა თვალის დახუჭვა ფიზიკურად შეუძლებელი გახდება და პროცესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოვა. შესაბამისად, ევროკავშირი იძულებული იქნება, უვიზო რეჟიმი შეაჩეროს.

აქ ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კონსენსუსი არ სჭირდება — გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობითაც შესაძლებელია. მაგრამ როცა ის ერთხელ შეჩერდება, მისი ხელახლა ამოქმედებისთვის უკვე სრული კონსენსუსი იქნება საჭირო. ამიტომ, უვიზო მიმოსვლა შეიძლება შედარებით მარტივად გაჩერდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ ასევე მარტივად აღდგება. პირობითად, დღეს რომ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, მის აღდგენას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, სანამ საქართველო წევრ სახელმწიფოთა მიერ წამოყენებულ დამატებით წინაპირობებს არ შეასრულებს.

— თქვენ ერთხელ ევროინტეგრაციაზე თქვით, „შვილს რომ მოგიკლავენ, ისეთი გრძნობა მაქვსო…“ როგორ მოხდა, რომ თქვენი კოლეგების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა იმ დიპლომატიური ამოცანის მკვლელობას, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია და რაზეც თავად წლების განმავლობაში მუშაობდნენ?

— დიახ, ასე იყო და დღემდე ასეთი განცდა მაქვს. იმიტომ, რომ მართლაც ღამეები გვითენებია თითოეულ წინადადებაზე, თითოეულ აბზაცზე, თუ რა უნდა ჩაწერილიყო სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში. თითოეული დეტალისთვის გვიჭიდავია როგორც ევროპელებთან, ისე ქვეყნის შიგნითაც, რადგან ყველა უწყებას თავისი ინტერესი ჰქონდა. მახსოვს, თავის დროზე კახა ბენდუქიძესთან გვქონდა განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირებები. მას უდიდეს პატივს ვცემ, იმდროინდელ კაბინეტში ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი მინისტრი იყო და ბევრ რამეს პრაგმატულად უყურებდა, რაშიც ვერ გაამტყუნებ. თუმცა ჩვენ, ევროინტეგრაციის მომხრეებს, ცოტა სხვა შეხედულება გვქონდა და ბევრი გვიკამათია ამაზე. ახლა რომ ვუყურებ, როგორ ნადგურდება ერთი ხელის მოსმით წლების ნაშენები, ეს მართლაც გულს გვიკლავს…

არ ვიცი, დღემდე არ მაქვს ჩემი კოლეგების ქმედებების ახსნა. ალბათ, თითოეულმა ინდივიდუალურად, თავისი სინდისის წინაშე უნდა აგოს პასუხი და უპასუხოს შეკითხვას — რატომ? ბევრ ჩემს მეგობართან ამ თემაზე მიკამათია და მიკითხავს: რას აკეთებთ?ადამიანმა რაღაც შეიძლება გაითვალისწინოს — მარტო არ ვართ, გვყავს ოჯახები, შვილები, მაგრამ, მეორე მხრივ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რა მაგალითს ვაძლევთ შვილებს. როცა შვილი ხედავს, რომ ზუსტად იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ იქცევი, რასაც ხმამაღლა ქადაგებდი, მას ორი არჩევანი რჩება: ან დაგიპირისპირდება (თუ თავად პრინციპული ადამიანია), ან შენსავით უპრინციპო გახდება. ეს ქვეყნისთვისაც ცუდია. რაც მეტი ადამიანი გაცვლის ღირებულებებს მატერიალურ კეთილდღეობაზე, მით უფრო რთული იქნება ამ ქვეყნის მომავლის განვითარება.

— მატერიალური კეთილდღეობაა მხოლოდ ფაქტორი, თუ მართლა სჯერათ იმის, რასაც „დიფ სთეითის“ და მსგავსი თემების შესახებ ქადაგებენ?

— შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი კოლეგების 99.9%-ს ამის არ სჯერა. ყოველ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მე ვმუშაობდი (ახლა ახალი კადრები მიიღეს და რა კონტინგენტია, აღარ ვიცი), ჩემი თაობის დიპლომატებიდან, ვისთანაც წლები მიმუშავია, ვერცერთზე ვიტყვი, რომ სჯერა, თითქოს ევროკავშირს Deep State, ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ ან მასონები მართავენ. დავიწყოთ იმით, რომ ამ ხალხის უმეტესობა საკმაოდ კარგად განათლებულია. გარდა ამისა, თავადაც უცხოვრიათ ევროპაში. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსებსაც არ სჯერათ. მაგალითად, გგონიათ, შალვა პაპუაშვილს სჯერა იმის, რასაც ამბობს? ის უბრალოდ აკეთებს განცხადებებს, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ამომრჩეველი, ვისი დაჯერებაც ჯერ კიდევ შეუძლია.

— და ბოლოს, უკრაინასა და მოლდოვაზეც გკითხავთ. უნგრეთში ხელისუფლების შეცვლა რამდენად დააჩქარებს მათ გაწევრიანებას და დაჩქარებული ტემპით გაწევრიანება რამდენად შესაძლებელია?

— დაჩქარებული ტემპით არაფერი მოხდება. მით უმეტეს, ევროკავშირში უკვე აქვთ მსგავსი გამოცდილება, როცა 10 ქვეყანა დაჩქარებულად მიიღეს და ამან პრობლემები შექმნა. ჯერ თავად მოლდოვაც და უკრაინაც მზად უნდა იყვნენ გაწევრიანებისთვის. მოლდოვის შემთხვევაში პროცესი გაცილებით სწრაფად მიდის სამი მიზეზის გამო: პირველი — ის ომში არ არის; მეორე — პატარა სახელმწიფოა და რეფორმების გატარება გაცილებით მარტივია; და მესამე — ჰყავს ძალიან ახლო მეგობარი სახელმწიფო რუმინეთის სახით. მაგრამ არ მგონია, მოლდოვის გაწევრიანება უკრაინისგან დამოუკიდებლად მოხდეს. არ გამოვრიცხავ, უკრაინას რაღაც საკითხებზე გარკვეული გადავადება მიეცეს. მაგალითად, შეიძლება გაწევრიანება მოხდეს დათქმით, რომ, პირობითად, კონკრეტულ კანონმდებლობას ის მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მიიღებს და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების კუთხით თავად ევროკავშირისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინას დღეს ისეთი შეიარაღებული ძალები ჰყავს, რომლის მსგავსიც მთელ ევროპაში არავის აქვს. როდესაც ეს ომი დასრულდება, უსაფრთხოების თვალსაზრისით უკრაინა ევროპისთვის გაცილებით უფრო საჭირო და აუცილებელი ქვეყანა იქნება, ვიდრე — პირიქით. ევროკავშირში გაწევრიანება დროს მოითხოვს, მაგრამ უკრაინასაც და მოლდოვასაც მიიღებენ — ეს საკითხი გადაწყვეტილია. რამდენ ხანში აღსრულდება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ეს არ იქნება 10-წლიანი პროცესი. სავარაუდოდ, ეს 2030-იანი წლების შემდეგ მოხდება.

 

ავტორი: ნინო ჩიჩუა