სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და რუსეთს შორის ესკალაციის შესაძლებლობა გამორიცხა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა სომხეთსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით.

ფაშინიანმა სომხეთის მეორე პრეზიდენტი, ბლოკ „სომხეთის“ ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი და პარტია „გაერთიანებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

„წარუკიანი, კარაპეტიანი, ქოჩარიანი ყველაფერს აკეთებენ, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ესკალაცია მოხდეს. ეს არ მოხდება, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენი მასშტაბი არ არის – ჩვენ პატარა, მოკრძალებული ქვეყანა ვართ; მეორე მხრივ კი, ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ქოჩარიანმა ასევე თქვა, რომ ის რუსეთისგან პრობლემების შექმნას ელოდება. ეს იაფი პროვოკაციებია, მათ ეს არ გამოუვათ“, – თქვა ფაშინიანმა.

მოსკოვი, სომხეთში 5 მაისს ჩატარებული ევროპული სამიტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში გაკეთებული ანტირუსული განცხადებების, ასევე სომხეთის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პრორუსი კანდიდატების დევნის გამო, ერევნის მიმართ მკაცრი ტონითა და ულტიმატუმებით გამოდის. ამ საკითხებს წინაასაარჩევნოდ ანტისახელისუფლებო გამოსვლებში იყენებს პრორუსული ოპოზიცია სომხეთში.

მოსკოვმა სომხეთი რუსებისთვის სარისკო ქვეყნებს შორის დაასახელა