საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოვლენილია კორუფციული ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც 3 პირია დაკავებული, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელი.

პირველ შემთხვევაში, უწყების თანახმად, კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე – ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ შუამავლის მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 ამერიკული დოლარი. მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობის გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1000 ლარი. საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ორივე საქმეზე თანხები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით”, – აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში და საჯარო მოხელეებს მიმართავენ.

“მივმართავთ ყველა იმ მოხელეს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაითავისა, რომ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი ვერ დარჩება: მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობებს და თავი შეიკავონ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებისაგან. საგამოძიებო სამსახური და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოები განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას საქართველოში კორუფციული ფაქტების ბოლომდე აღმოფხვრის მიზნით”.