რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისთვის წარადგინა შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს [დე ფაქტო – რედ.] შორის „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.

შეთანხმება, რომელსაც ხელი გასულ შაბათს მოაწერეს ვლადიმირ პუტინმა და ალან გაგლოევმა, ოფიციალური განმარტებით, “მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში კოორდინაციის გაძლიერებას”.

ამასთან, პროექტის მიხედვით, შეთანხმება ითვალისწინებს “სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების განვითარებას, ასევე სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას და კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას”.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს “ერთიანი ეკონომიკური სივრცის ეტაპობრივ ფორმირებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას და საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიანი წესრიგის დანერგვას”.

გარდა ამისა, მხარეები გეგმავენ ენერგეტიკული (მათ შორის გაზსადენების), სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციას, ასევე თანამშრომლობის გაფართოებას შრომის, სოციალური და კულტურული მიმართულებებით.

პუტინმა ამ საკითხზე თავის ოფიციალურ წარმომადგენლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ალიმოვი დანიშნა, რომელიც დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესს სახელმწიფო დუმაში წარადგენს.