მიუსაფარი ძაღლისთვის დაზიანებების მიყენების ბრალდებით სიღნაღში კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცმა მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.
უწყების ცნობით, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული კაცი 49 წლისაა და წარსულშიც ნასამართლევია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ კაცს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
