მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს განაჩენი დღეს, პირველ აპრილს გამოუცხადა და მათ 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
უკვე თითქმის რვა თვეა, 2025 წლის 16 აგვისტოდან, მინდია და თორნიკე პატიმრობაში იმყოფებიან ბექა გოცირიძეზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით. შესაბამისად, ციხეს ისინი 2026 16 აგვისტოს, ოთხთვე-ნახევრის შემდეგ დატოვებენ.
მუხლი, რომლითაც გაასამართლეს მოქმედი საჯარო მოხელე, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი, 37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, 3 არასრულწლოვანი ბავშვის მამა, რომელიც დილიდან სარემონტო სამუშაოებზე იყო და საღამოს რუსთაველზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტს უერთდებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე.
სანამ მოსამართლე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს წაიკითხავდა, სხდომათა დარბაზში შემოსვლისას მან თავიდანვე განაცხადა, რომ განაჩენი იყო გამამტყუნებელი და თავისი გადაწყვეტილების დასაბუთება სცადა. მოსამართლის თქმით, არ იზიარებს, რომ შერვაშიძე და თოშხუა აუცილებელი მოგერიების პირობებში იმყოფებოდნენ. მან არც დაზარალებულად ცნობილი და ბრალდების მთავარი მოწმის, აწ გარდაცვლილი ბექა გოცირიძის ჩვენება გაითვალისწინა, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 31 ივლისის ღამეს ყოფილმა ფეხბურთელმა, „ოცნების“ მხარდამჭერმა ბექა გოცირიძემ კახა კალაძის წინასაარჩევნო ღონისძიებიდან რუსთაველზე ჩამოიარა დემონსტრანტების მიმართ გინებითა და შეურაცხყოფით, რასაც შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. ბექა გოცირიძემ მომხდარი სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავადვე აღწერა, როგორც რიგითი, ორმხრივი შელაპარაკება. ბექა გოცირიძეს არ უარუყვია თავისი წილი პასუხისმგებლობა კონფლიქტში. თქვა, რომ ნანობდა კიდეც და ჯობდა, რუსთაველზე იმ ღამეს იმ ფორმით არ გაევლო; რომ არაფერი განსაკუთრებული ტკივილი არ განუცდია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდებულებთან პრეტენზია არ ჰქონდა და მათი ციხეში ყოფნა არ სურდა.
„დაზარალებულის პოზიცია ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი სასამართლოსთვის, რა სახის სასჯელი უნდა დანიშნოს და სასამართლო იყოს თუ არა ლოიალური. ეს არის დაზარალებულის პოზიცია, აწ გარდაცვლილი ბექა გოცირიძის პოზიცია. თუმცა სასამართლო ვერ იქნება შებოჭილი იმით, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს დაზარალებულის პოზიცია. მე, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე დაზარალებულის პოზიცია სასჯელის ნაწილში.
ამავდროულად, მინდა, შევეხო უშუალოდ თქვენს მდგომარეობას სასამართლო პროცესზე. მე არ მახსენდება არცერთ პროცესზე ის, რომ თქვენი მხრიდან ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ… არ მინდა, ისე გამომივიდეს… აღიარებს თუ არა დანაშაულს, ეს ბრალდებულის უფლებაა, თუმცაღა თვალნათლივ იყო ყველაფერი წარმოდგენილი ამ სასამართლო დარბაზში, რაზეც თქვენი პოზიცია აუცილებლად უნდა დაგეფიქსირებინათ. მე ამას ველოდებოდი.
თქვენ დამიკარგეთ შესაძლებლობა მე, როგორც მოსამართლეს, თქვენ მიმართ დამენიშნა თუნდაც არასაპატიმრო სასჯელი. თუნდაც ვყოფილიყავი ლოიალური. ადამიანურად, სასჯელის დანიშვნისას გავითვალისწინე ძალიან ბევრი ფაქტორი და სასჯელი არაა მაქსიმალური“, — განაცხადა მოსამართლემ.
დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ ჩაჰბარებიათ, თუმცა მოსამართლის მიერ დარბაზში ნათქვამი განმარტებები მედიასთან შეაფასეს მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას ადვოკატებმა, ომარ ფურცელაძემ და დათა კუპრავამ.
დათა კუპრავას თქმით, გაუგებარია, რა მონანიების მოლოდინი ჰქონდა მოსამართლეს მინდიასგან და თორნიკესგან.
„ვერ ვხვდები, რა მონანიებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ხარ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ადამიანი მოდის, თავს გესხმის აგრესიულად განწყობილი პიროვნება და შენ ცდილობ, ეს ადამიანი მოიგერიო და შემდეგ ტერიტორიიდან გააძევო“, — ამბობს ადვოკატი.
მოსამართლემ თავის განმარტებაში ახსენა ვიდეომტკიცებულებებიც, რომლებშიც ჩანს შეხლა-შემოხლა. თუმცა კონფლიქტი არც შერვაშიძესა და თოშხუას უარუყვიათ ოდესმე.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე მოსამართლის განაჩენს აფასებს, როგორც არა კონკრეტული ბრალდებულების და აწ უკვე მსჯავრდებულების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ როგორც „ქართული ოცნების“ მესიჯს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მმართველი ძალის კრიტიკას ბედავს და საპროტესტო მოძრაობის ნაწილია.
„სასამართლოს განმარტება, რომ ის დაზარალებულის ჩვენებას ვერ დაეყრდნობა, ჩემთვის ცოტა რთულად გასაგებია, რა ინტერესი წონის ამას და რა უფრო პრიორიტეტულია წმინდა იურიდიული თვალსაზრისით. მაგრამ გასაგები ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ კონტექსტს დავუმატებთ. ბიჭების პატიმრობის ინტერესი მიმართული არ არის მხოლოდ მინდიასკენ და თორნიკესკენ. მიმართულია შიშის თესვისკენ, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] აქვთ სრული კონტროლი, როგორც პროკურატურაზე, ისე სასამართლოზე. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება საქმეში მტკიცებულებები. შეუძლიათ, უბრალოდ აქციაში მონაწილეობის გამო დაიჭირონ ადამიანი. ეს არის მესიჯი, რომელიც მიმართულია უკვე პირთა განუსაზღვრელი წრისკენ, აქციის მონაწილეებისკენ, იმ ადამიანებისკენ, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“ და სხვადასხვა დროს გაუბედავთ პროტესტის და არმოწონების ხმამაღლა გამოხატვა“, — ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ფურცელაძე მიუთითებს, რომ მოსამართლემ არათუ დაზარალებულის ჩვენება არ გაითვალისწინა, არამედ გვერდი აუარა იმასაც, რომ მინდია შერვაშიძეს ჰყავს მასზე ფინანსურად დამოკიდებული 3 მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს; რომ თორნიკე თოშხუა უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი იყო, საჯარო მოხელე და არცერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა, თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და არასდროს გამოუჩენიათ ანტისოციალური მოქმედება.
მოსამართლე ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. თუმცა თითქმის 8 თვეა ბიჭები პატიმრობაში იმყოფებიან და 5 თვეც არ არის დარჩენილი, სანამ ისინი ციხეს დატოვებენ. თეორიულადაც კი სათუოა, რამდენად შესაძლებელია, რომ საპატიმრო ვადაზე გავლენა მოახდინოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდეც რომ გაამართლოს მინდია შერვაშიძე და თორნიკე თოშხუა,
