ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა.

იმერეთის მხარის ცნობით, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

მათივე ცნობით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია იმერეთის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები.

“სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.